საქართველოს საგარეო უწყება მოსკოვს სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ კომენტარში ნათქვამია, რომ მოსკოვი ცდილობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მსოფლიო საზოგადოებრიობა შეცდომაში შეიყვანოს თბილისის წინააღმდეგ “უსაფუძვლო“ ბრალდებების გაჟღერების გზით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის პასუხი 12 ოქტომბერს რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე, სადაც რუსეთი აკრიტიკებს საქართველოს პარლამენტის დადგენილებას, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში განთავსებულ რუს სამშვიდობოებს მოქმედების საბოლოო ვადას უწესებს. მოსკოვის განცხადებას თბილისი “მიკერძოებულს“ და “პროვოკაციულს“ უწოდებს, რომელიც სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ისახავს მიზნად.
“ყოვლად უსაფუძვლო და პროვოკაციულია ქართული მხარის დადანაშაულება კონფლიქტების სამხედრო ძალის გამოყენებით გადაჭრის განზრახვაში, მაშინ როდესაც თვით რუსეთის უშუალო მხარდაჭერითა და მონაწილეობით ხდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სეპარატისტული რეჟიმების მილიტარიზაცია“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ კომენტარში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)