დეპუტატების ბიზნეს–ინტერესებს პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლის

13 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც შეისწავლის  “საბაჟო ტერმინალ “ოპიზასთან” მიმართებაში პარლამენტის წევრების მხრიდან “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის” და “პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევის საკითხს. 


კომისიაში, რომლის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა, სავარაუდოდ 15 დეპუტატი შევა. ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” კომისიაში თავისი კუთვნილი 7 კაციანი კვოტა ოპოზიციის სასარგებლოდ 5–მდე შეამცირა. დანარჩენ ფრაქციებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის კვოტების გადანაწილების საკითხი კონსულტაციების შედეგად გაირკვევა.


ჯერ–ჯერობით უცნობია კომისიის წევრთა ზუსტი ვინაობა, რომელიც 28 ოქტომბრამდე საბოლოოდ უნდა დადგინდეს.


ასევე უცნობია ვინ დაიკავებს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის პოსტს. ოპოზიციის საერთო კანდიდატი “კონსერვატორი“ კობა დავითაშვილია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ უჭერს. ერთ–ერთ კანდიდატურად სახელდება ასევე გია ცაგარეიშვილი “ახალი მემარჯვენეებიდან“.


პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარეს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან თავად ირჩევს ან მას პარლამენტი ამტკიცებს.


კომისიის შექმნის მიზეზი გახდა დეპუტატ კობა ბექაურისა და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ტელეკომპანია “202“–ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილის ირგვლივ აგვისტო–სექტემბერში ატეხილი აჟიოტაჟი და სტუდია “რეპორტიორის“ მიერ საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში” დეპუტატ კობა ბექაურის ბიზნეს–ინტერესებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)