რევოლუციური ოპოზიცია ფრაქციის შექმნაზე კონსულტაციებს მართავს
პარლამენტის ოპოზიციურ ჯგუფებს “რესპუბლიკელებსა“ და “კონსერვატორებს“ შორის დაახლოებით ორი კვირაა, რაც მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ფრაქციის შექმნის მიზნით.
როგორც “სივილ ჯორჯიას“ ამ კონსულტაციების ერთ–ერთმა ინიციატორმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა განუცხადა, ფრაქციის შექმნის თაობაზე პრინციპული თანხმობა უკვე არსებობს, რისი რეალიზებაც დაახლოებით ერთკვირიანი დამატებითი მოლაპარაკებების შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება.
“ჩვენ გვინდა შევქმნათ რევოლუციური ოპოზიციის პრეცედენტი, რათა დავანახოთ ხელისუფლებით იმედგაცრუებულ მოსახლეობას “ვარდების რევოლუციის“ იდეებისადმი ერთგულება. ფრაქციის შექმნა ასევე ემსახურება რეალური ოპოზიციური ალტერნატივის გაჩენის სურვილს, რომელსაც გრძელვადიანი მიზნები ექნება, მათ შორის [2006 წლის] თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით“, – აცხადებს დავით ზურაბიშვილი.
ოპოზიციურ ფრაქციას, რომელშიც გაერთიანდება რვა “კონსერვატორი“ და ექვსი “რესპუბლიკელი“ დეპუტატი, სავარაუდოდ დავით ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ფრაქციაში თავმჯდომარეები როტაციის პრინციპით იქნეს შემდგომში არჩეული. ფრაქციაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ რამოდენიმე დამოუკიდებელ დეპუტატთან, რომელთა ვინაობაც ამ ეტაპზე არ სახელდება.
“კონსერვატორები“ და “რესპუბლიკელები“, ისევე როგორც ერთი თვის წინ საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსული დავით ზურაბიშვილი, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი სიით მოვიდნენ. თუმცა მათი წევრები ხელისუფლების კურსისადმი პრინციპული შეუთავსებლობის გამო მალევე გაემიჯნენ საპარლამენტო უმრავლესობას და დღემდე პარლამენტში წარმოდგენილი არიან დამოუკიდებელი დეპუტატების ოპოზიციური ჯგუფების სახით.
პარლამენტის რეგლამენტით, ფრაქციის გაფორმების შემთხვევაში ამ ჯგუფებს დამატებითი პოლიტიკური უფლებები მიენიჭებათ, კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ერთი ხმა ბიუროზე, კვოტირებული წარმომადგენლობა კომიტეტებში, საგამოძიებო კომისიებსა და საპარლამენტო დელეგაციებში, ექნებათ საკუთარი აპარატი და სხვა პრივილეგიები.
ჯერ–ჯერობით უცნობია მომავალი ფრაქციის სახელწოდება, რომელიც სავარაუდოდ არაპარტიული იქნება. ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან ცოტაა “რესპუბლიკელებსა“ და “კონსერვატორებს“ შორის ისეთი საკითხები, რომლებზე ისინი პრინციპულად განსხვავებულ პოზიციებზე დგანან.
“პარტიული ნიშანი არ იქნება ფრაქციაში განმსაზღვრელი. ჩვენ ვცდილობთ შევქმნას ფრაქციის ისეთი მოდელი, სადაც გუნდური თამაშის წესების პარალელურად ფრაქციის თითოეული წევრის პირადი თავისუფლება გარანტირებული იქნება, რაც სხვა დეპუტატებისთვისაც მიმზიდველს გახდის ამ ფრაქციას“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ დავით ზურაბიშვილმა.
ამჟამად პარლამენტში უმრავლესობის– “ნაციონალური მოძრაობის”– გარეთ 4 ფრაქციაა დარჩენილი, საიდანაც მხოლოდ “მემარჯვენე ოპოზიციაა“ ოპოზიციური განწყობის. კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის შესაძლო შექმნის მიუხედავად, პარლამენტში ფრაქციული გადანაწილება ამ ეტაპზე არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო უმცირესობა გააფორმოს და ამით კიდევ დამატებითი პოლიტიკური უფლებები მოიპოვოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)