სააკაშვილი ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პრიორიტეტებზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს პრიორიტეტები დაუსახა და გააკრიტიკა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, იმ “ქაოსისა და დეზორგანიზაციისთვის“, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში სუფევდა.
სააკაშვილმა, რომელმაც 20 ოქტომბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პრიორიტეტებად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია, საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის დასრულება დაასახელა.
“ქართული სახელმწიფოს მთავარი ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ერთიანობის აღდგენაა. ეს ჩემი ცხოვრების მიზანია, რომელსაც მივაღწევ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“მეორე – ეს ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, რაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტის [ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის] მიღწევის საშუალებაა. ჩემი პირველი პრეზიდენტობის ვადაში [2009 წლამდე] საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტას ვაპირებ. კარგი დიპლომატიის პირობებში ამ საკითხის რეალურ გადაწყვეტას შევძლებთ“, – აღნიშნა მან.
“ჩვენი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიის უცხოური ბაზებისგან ბოლომდე გათავისუფლება, საჭიროა ასევე ხელშეკრულების ხელმოწერაზე მუშაობა იმ შეთანხმებებიდან და პოლიტიკური პრინციპებიდან გამომდინარე, რომელიც პრეზიდენტ პუტინსა და ჩემს შორის მაისში მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული“, – განაცხადა სააკაშვილმა.
თუმცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ ახსენა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც მაისში ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. ამ დეკლარაციის ხელმოწერა მიჩნეულია სალომე ზურაბიშვილის ყველაზე დიდი წარმატებად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე დაავალა ახალ მინისტრს წერტილი დაუსვას იმ ქაოსს, რომელიც სამინისტროში არსებობს.
“არ უნდა განმეორდეს ის სიტუაცია, როცა მე საგარეო საქმეთა სამინისტროდან ელემენტარული ინფორმაციის მიღებისათვის თვეების ლოდინი მჭირდება… არ უნდა გავიგო ის, რომ ამ სამინისტროში ახლობლობის პრინციპით ინიშნება ვინმე, არ ვაპირებ ამასთან შეგუებას. საჭიროა გამჭირვალე საკადრო პოლიტიკა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე გააკრიტიკა ყოფილი მინისტრი იმისათვის, რომ “ვერ მოვახერხეთ აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდა მსოფლიოს დასანახად გაგვეტანა“.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა იმის დაფიქსირება, რომ ცხინვალის რეგიონსა და მის შემოგარენში “მუდმივი ძალადობრივი აქტების განხორციელება ხდება“.
“ამას უნდა აკეთებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მე ამას მოველი და მკაცრად მოვითხოვ. თუკი ეს არ შესრულდება, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ გაგიშვებთ. არცერთი მინისტრი ხელშეუხებელი და დიდი ხნის ვადით არ იქნება“, – დასძინა პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)