ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ეთერ ასტემიროვამ დღეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის მუშაობა გააკრიტიკა.


“მიმდინარეობს სამინისტროს რეორგანიზაცია და ამის გამო დავწერე განცხადება. მე ამ სამინისტროში მაქსიმალურად გავაკეთე ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემეძლო “, – განუცხადა 4 ნოემბერს “სივილ ჯროჯიას“ ეთერ ასტემიროვამ.


მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის რეორგანიზაციაა დაგეგმილი სამინისტროში, თუმცა გამორიცხა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სხვა რომელიმე სამინისტროსთან გაერთიანება ან საერთოდ გაუქმება.


ეთერ ასტემიროვა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად პარლამენტის მიერ 2004 წლის თებერვალში მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისას დაინიშნა.

ასტემიროვა უკვე მეორე მინისტრია ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის სკანდალური გადაყენების შემდეგ, ვინც ბოლო ორი კვირის მანძილზე მინისტრთა კაბინეტი დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)