საგარეო უწყება გმობს გალში მოქალაქის დაღუპვის ფაქტს
გალის რაიონის მკვიდრის, 21 წლის ქართველის დანიელ წურწუმიას დაღუპვის ფაქტმა უბიძგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განეცხადებინა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოები “ვერ ან არ ასრულებენ მათზე მანდატით დაკისრებულ ვალდებულებებს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სრულ უმოქმედობას იჩენენ მათ თვალწინ მომხდარ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტებზე“.
ქართული მხარის განცხადებით, 2 ნოემბერს სოფელ გაგიდას მკვიდრი 21 წლის დანიელ წურწუმია აფხაზურმა 60 კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა უმიზეზოდ დააკავა და გადაიყვანა სოხუმში, სადაც იძულებით გაიწვიეს ე.წ. აფხაზურ ჯარში. ფიცის მიღებაზე უარის თქმის გამო, იგი სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც დანიელ წურწუმია 4 ნოემბერს გარდაიცვალა.
“ამგვარი ინციდენტი აშკარად მიუთითებს გალში გაერო/ეუთო-ს ადამიანის უფლებების სოხუმის ოფისის ფილიალის გახსნისა და ამ რაიონში გაერო-ს სამოქალაქო პოლიციის კონტიგენტის ამოქმედების აუცილებლობაზე, რაც არა ერთხელ დაფიქსირდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში და რომელიც ვერ ხორციელდება აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ხისტი პოზიციის გამო,“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
2 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროში იმუშავებს სპეციალური ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში ყველა კანონდარღვევას და რეაგირებას მოახდენს ადამიანთა უფლებების შელახვის ფაქტებზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)