სააკაშვილი: ლიტვა არის საქართველოს ხმა ევროკავშირსა და ნატოში

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 ნოემბერს თბილისში თავის ლიტველ კოლეგასთან ვალდას ადამკუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ლიტვა არის საქართველოს “მხარდაჭერის ხმა” ევროკავშირში და ნატოში, რომელიც ასევე რეგიონალურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს.  


“ლიტვა არის ჩვენი მხარდაჭერის მთავარი ხმა ევროკავშირსა და ნატოში. მე ვიტყოდი, რომ ეს არის მორალური ხმა; მაშინ როცა საქართველო იღებს სხვადასხვა დონის მხარდაჭერას ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან, მაშინ როცა ევროკავშირს თავისი პრობლემები აქვს, ლიტვა ძალიან თანმიმდევრულად უჭერს მხარს ჩვენს პოზიციებს“, – განაცხადა სააკაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე.


“პრეზიდენტ ადამკუსს ეკუთვნის 3+3 ინიციატივა – ბალტიისპირეთის სამი და სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა … მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ექვსი საგარეო საქმეთა მინისტრი დეკემბერში ამ ფორმატში ლიუბლანაში შეიკრიბება. ლიტვის, ესტონეთის, ლატვიის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, რათა ხელი შეუწყონ სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში“, – დასძინა სააკაშვილმა.


მან ასევე ხაზი გაუსვა ლიტვის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ახალი მეგობარი ქვეყნების ჯგუფის შექმნის საქმეში. ეს ჯგუფი ლიტვას, ესტონეთს, ლატვიას, პოლონეთს, რუმინეთს და ბულგარეთს აერთიანებს.


“დღეს, ამ წუთებში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუქარესტში სამიტზე გამოდის, სადაც საქართველოს ახალი მეგობარი ქვეყნები შეიკრიბნენ, რათა დაეხმარონ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეში. საქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე შეხვდნენ იქ და ეს საკითხები განიხილეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ვალდას ადამკუსმა განაცხადა, რომ ლიტვა დაინტერესებულია იხილოს საქართველო, როგორც ევროპული ოჯახის თანასწორუფლებიანი წევრი. “რაც არ უნდა მოხდეს ამ რეგიონში – ეს არის იურიდიული, პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხები – ჩვენ განზრახული გვაქვს ერთად ვიმუშავოთ… ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონში სტაბილურობას და კანონის უზენაესობას“, – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)