ადამკუსი ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობაზე საუბრობს
9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა განაცხადა, რომ ევროპას არ აქვს “არც მორალური, არც ისტორიული უფლება ჩამოართვას შავი ზღვის რეგიონის ერებს შესაძლებლობა გაითავისონ ტრანსატლანტიკური ინსტიტუტები“.
“პირიქით, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ეს ერები უკან ევროპაში დავაბრუნოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ადამკუსმა.
“ნება მომეცით გულწრფელი ვიყო: დღემდე თქვენი რეგიონი ევროკავშირის რადარის ეკრანებზეც კი არ ჩანდა … ჩვენი [ევროკავშირის] ევროპული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა პასიური იყო, ხოლო ჩვენი მცდელობები ე.წ. გაყინული კონფლიქტების მოგვარების და საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში დახმარების თაობაზე – ძალიან ფრთხილი“, – განაცხადა მან.
ლიტვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპამ ვერ შეძლო გამოეყენებინა ის შესაძლებლობები, რომელსაც ეს რეგიონი სთავაზობდა პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების, ასევე ენერგომომარაგების თვალსაზრისით. “დასავლეთში ბევრი სკეპტიკოსია და კიდევ უფრო მეტია აღმოსავლეთში, რომლებიც ვერ აღიქვამენ შავი ზღვის რეგიონს ევროპის არქიტექტურის ნაწილად“, – განაცხადა ადამკუსმა.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ “ახლა მოვლენები სწრაფად ვითარდება“. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ თურქეთთან დაწყებული მოლაპარაკებები საშუალებას იძლევა დააახლოვოს ევროკავშირი და მისი აღმოსავლელი მეზობლები.
“მჯერა, რომ ეს გააღებს კარებს ევროპული ინტეგრაციისკენ”, – დასძინა ლიტვის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ის დემოკრატიული ცვლილებები, რაც ბოლო წლებში საქართველოში და უკრაინაში მოხდა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და “ევროპელებს მოუწევთ ამას ადექვატური პასუხი გასცენ“.
ვალდას ადამკუსმა ასევე განაცხადა, რომ სწრაფი რეფორმების გზით საქართველოს შეუძლია დახმარება აღმოუჩინოს ევროკავშირთან რეგიონის პარტნიორობის სწრაფ განვითარებას.
“ლიტვა მოხარულია პოლიტიკური რჩევები მისცეს და დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს რეფორმების განხორციელების გზაზე… მიმდინარეობს პროექტები სატრანსპორტო კავშირების განვითარებაზე ფოთსა და კლაიპედას [ბალტიის ზღვის პორტი] შორის, რაც განავითარებს ჩვენს ორმხრივ ვაჭრობას“, – განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ლიტვის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. “ჩვენ ვიცით როგორი რთულია უცხოური ჯარების გაყვანა და კარგი ურთიერთობების დამყარება უფრო დიდ და ძლიერ მეზობელთან“, – განაცხადა ადამკუსმა, თან იქვე დასძინა, რომ ლიტვას არასოდეს უთქვამს უარი თავის ძირითად პრინციპებზე, რაც ქვეყანას წარმატების მიღწევაში დაეხმარა.
“ლიტველებს არასოდეს უთქვამთ უარი თავიანთ პრინციპებზე და ღირებულებებზე ვიწრო პრაგმატული ინტერესების გამო. ჩვენ არ გაგვიყიდია ჩვენი დამოუკიდებლობა იაფი ნავთობის გამო, ჩვენ არ გვივაჭრია ნატოში გაერთიანების მიზნებზე ნებისმიერი ცალმხრივი გარანტიების გამო… ჩვენს პოლიტიკურ და აკადემიურ ისტებლიშმენტს შესწევდა უნარი შეთანხმებისთვის მიეღწია ქვეყნისათვის დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე, როგორიცაა საბაზრო რეფორმები და საგარეო პოლიტიკის მიზნები … პატარა დახმარებამ გარედან ასევე შეუწყო ხელი რეფორმების წარმატებულად განხორციელებას“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)