ნოღაიდელი ფორუმზე სამხრეთ ოსეთის შესახებ საუბრობს

თბილისში 22 ნოემბერს გახსნილ ფორუმზე “ევროპის თავისუფლების ახალი ტალღა“ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოაგვაროს და ფორუმის მონაწილეებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ თბილისის სამშვიდობო გეგმა წარუდგინა.
 
მისი თქმით, ეს გეგმა შეესაბამება სამეტაპიან სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასული წლის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააჟღერა.


“პირველ ეტაპზე საჭიროა რეგიონის დემილიტარიზაცია. რეგიონი ამჟამად საკმაოდ შეიარაღებულია. იქ სამხედრო ჯგუფებში დაახლოებით 5,000 გაწვრთნილი ადამიანია. ამის გამო რეგიონის მოსახლეობაში შიშის მაღალი დონეა. [თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში] 35-40,000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 1/3 ქართველები არიან და 2/3 – ოსები. უნდა გავაქროთ ეს შიში, რომელიც ამ სამხედრო დაჯგუფებებმა დანერგეს“, – განაცხადა ნოღაიდელმა.


მისი თქმით, მეორე ფაზა გულისხმობს ნდობის აღდგენას და ეკონომიკურ თანამშრომლობას.


“მეორე ფაზა გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვას რეგიონის ინფრასტრუქტურაში… საუბარია ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნაზე”, – განაცხადა მან.


ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია ტრანზიტისა და სასაზღვრო ვაჭრობის ლეგალიზება როკის გვირაბის გავლით, რომელსაც ამჟამად სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აკონტროლებს.


“ჩვენ ამ გვირაბის დახურვის წინადადებით არ გამოვდივართ. საუბარია როკის გვირაბის გავლით ტრანზიტის ლეგალიზებაზე. ის არ უნდა იყოს მცირე ჯგუფების ხელში, არამედ მისგან [ტრანზიტისგან] სარგებელი ხალხმა უნდა მიიღოს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


“მესამე ფაზა გულისხმობს პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყებას სტატუსის შესახებ… მოსახლეობის დონეზე ეს კონფლიქტი მნიშვნელოვანწილად მოგვარებულია და უკვე დროა, რომ ეს მთავრობების დონეზეც მოგვარდეს“, – დასძინა მან.  


ნოღაიდელმა ასევე დააფიქსირა თბილისის პოზიცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით. 


“არსებულ ფორმატს პრობლემების მოგვარება არ შეუძლია. ლიუბლიანაში გამართული შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა უშედეგოდ დასრულდა… ჩვენ გვჭირდება არა მარტო გადაწყვეტილებების მიღება, არამედ ამ გადაწყვეტილებების შესრულებაც და ჩვენ ასევე გვჭირდება რეგიონის დემილიტარიზაცია… ჩვენ მივმართეთ აშშ-ს, ეუთოს და ევროკავშირს აქტიური მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა ნოღაიდელმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)