ნოღაიდელი მოსკოვში სამხრეთ ოსეთის შესახებ იმსჯელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 24-25 ნოემბერს დსთ-ს მთავრობების მეთაურთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
23 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ თავის რუს კილეგასთან მიხეილ ფრადკოვთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან გამართულ მოლაპარაკებებზე იგი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.
“მთავარი საკითხები, რომლებსაც მე ჩემს კოლეგებთან საუბრისას დავაყენებ იქნება, თუ როგორ შეიძლება წავიწიოთ წინ კონფლიქტების მოგვარების გზაზე და რამდენად სერიოზულია რუსეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
მისი თქმით, რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას იგი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამოქმედო გეგმასაც განიხილავს.
“რუსი სამხედრო ექსპერტები იქ [სამხრეთ ოსეთში] ხალხს წვრთნიან. ჩვენ ვიცით არა მარტო მათი რაოდენობა, არამედ ისიც, თუ სად არიან განლაგებულნი… ნათელია, რომ სამხედრო ტექნიკა სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან შევიდა. არა მგონია, ვინმემ დაიწყოს იმის ლაპარაკი, რომ უცებ ცხინვალში უზარმაზარი სამხედრო საწარმო შეიქმნა… სამხედრო ტექნიკა იქ რუსეთიდან შევიდა და რუსეთშივე უნდა დაბრუნდეს. მინდა გავიგო რუსეთის მაღალოჩინოსნებისგან პასუხი კითხვაზე: როდის მოხდება ეს?“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)