მერაბიშვილი: კოკოითის მიერ გატაცებულის გათავისუფლება დადგმული სპექტაკლი იყო

25 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კომენტარი გააკეთა ცხინვალის რეგიონში სამი თვის  წინ გატაცებული 11 წლის გენო პეტრიაშვილის გათავისუფლების ფაქტზე და აღნიშნა, რომ ბავშვის გათავისუფლების სპეცოპერაცია თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის მიერ დადგმული სპექტაკლი იყო. 


მერაბიშვილი, რომელიც გატაცების ორგანიზატორად ედუარდ კოკოითს მიიჩნევს, აცხადებს, რომ ქართველი სამართალდამცავებისათვის დეტალურად არის ცნობილი გამტაცებელთა ვინაობა.

შს მინისტრის განცხადებით, ქართველმა ძალოვანებმა ზედმიწევნით ზუსტად იციან, თუ როგორგ ჩაიყვანეს “სპეცოპერაციის“ შედეგად გენო პეტრიაშვილი ცხინვალში, რომელიც მანამდე გამტაცებლებს ჯავის რაიონის ტერიტორიაზე ჰყავდათ. 


როგორც თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 25 ნოემბერს იტყობინება, სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციაში მონაწილე ოს სამართალდამცავებს და განაცხადა, “ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოები სიტუაციას აკონტროლებენ“.

This post is also available in: English (ინგლისური)