Human Rights Watch: ევროკავშირმა საქართველოზე ზეწოლა უნდა მოახდინოს
Human Rights Watch-ის მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს კონკრეტული კრიტერიუმები წამების, აზრის თავისუფალი გამოთქმის და ადამიანის უფლებათა სხვა საკითხებზე საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მთავრობებთან 12 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე.
ყოველწლიური შეხვედრები ბრიუსელში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების ფარგლებში იმართება, სადაც წელს განიხილება ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან სამოქმედო გეგმები.
“ეს შეხვედრა ევროკავშირს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ზეწოლა მოახდინოს სომხეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, რათა ადამიანის უფლებათა სფეროში კონკრეტულ პროგრესს მიაღწიონ. ევროკავშირმა არ უნდა გაუშვას ეს შანსი ხელიდან, რათა ხელი შეუწყოს საგრძნობ გაუმჯობესებას ადამიანის უფლებათა სფეროში ამ ქვეყნებში”, – განაცხადა ჰოლი კარტნერმა, Human Rights Watch-ის დირექტორმა ევროპისა და ცენტრალურ აზიის საკითხებში.
“პატიმრების წამება და ცუდი მოპყრობა, სამართალდამცავი ორგანოების მიერ უფლებამოსილების გადამეტება, სასამართლო ორგანოების არასაკმარისი დამოუკიდებლობა, პრესის თავისუფლების შეზღუდვა კვლავ სერიოზულ პრობლემებად რჩება სამივე რესპუბლიკაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
Human Rights Watch ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა ზოგიერთ სფეროში, რეფორმები ნელა მიმდინარეობს და არაადექვატურად ხორციელდება სამივე ქვეყანაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2004 წელს საქართველოში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაიზარდა პრეზიდენტის გავლენა სასამართლო სისტემაზე, რამაც კიდევ უფრო დაასუსტა მისი დამოუკიდებლობა.
“მიუხედავად იმისა, რომ მედია შედარებით თავისუფალია, ის ნაკლებ კრიტიკულია მთავრობის მიმართ და გაჩნდა ნიშნები მთავრობის გავლენის ზრდისა მედიაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადება ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობამ დადებითი ნაბიჯები გადადგა წამების თავიდან აცილების მიზნით, თუმცა ინფორმაცია წამებისა და პროცესუალური დარღვევების თაობაზე მაინც ვრცელდება.
Human Rights Watch დასძენს, რომ ევროკავშირმა საჯაროდ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია 12 დეკემბერს სამივე ქვეყნის მთავრობებთან დაგეგმილ შეხვედრაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)