კენიაკინი კვლავ ცხინვალში ჩადის
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ვალერი კენიაკინი, რომელიც თბილისს8 დეკემბერს ეწვია, დღეს უკვე მეორედ ცხინვალში გაემგზავრა.
ვალერი კენიაკნი ცხინვალში პირველად 9 დეკემბერს ჩავიდა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გამართა. მანამდე კი საგანგებო დავალებთა ელჩი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას თბილისში შეხვდა.
რუს დიპლომატთან თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ აზრს ვერ ხედავს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ჩატარებაში, სანამ არ მოგვარდება ივნისის დასაწყისში კონფლიქტის ზონაში გატაცებული ძმები ხაჭაპურიძეების საკითხი. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამტაცებლებმა ოთხივე ქართველი მოკლეს და ნათესავებისთვის მათი გვამების გადმოსაცემად გამოსასყიდი მოითხოვეს.
რუსული და სამხრეთ ოსური მხარეები 8 დეკემბერს შსკ-ს სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოვიდნენ, თუმცა ქართულმა მხარემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ თბილისი წინასწარ არ იყო ინფორმირებული ამის თაობაზე. მოგვიანებით, გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ ვიდრე ხაჭაპურიძეებთან დაკავშირებული პრობლემა არ მოგვარდება, მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი არ აქვს.
სახელმწიფო მინსიტრის გიორგი ხაინდრავას პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვალერი კენიაკინი ოსურ მხარეს ქართული მხარის პოზიციას გააცნობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)