ბრიუსელში ევროკავშირის და სამხრეთ კავკასიის ურთიერთობები განიხილეს
13 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირმა “ტროიკასთან” საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლა, იტყობინება ევროკავშირის საბჭო.
შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჰავიერ სოლანა უძღვებოდა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰეიკი ტალვიტიე და გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, სერ ბრაიან ფოლი ასევე მონაწილეობდნენ შეხვედრაში. ქართულ დელეგაციას შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ხელმძღვანელობდა.
“ტროიკას შეხვედრები მიესალმება სამივე ქვეყანასთან ინდივიდუალ სამოქმედო გეგმაზე ტექნიკური კონსულტაციების დაწყებას და ყველა მხარის კონსტრუქციულ ჩართვას სამივე სამოქმედო გეგმაზე კონსულტაციების, რაც შეიძლება სწრაფად, დასრულებაში“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.
“ეს დოკუმენტები ხელსაყრელ გარემოს შეუქმნის სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში, რაც ხელს შეუწყობს მათ დაახლოებას ევროკავშირთან“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.
ევროკავშირის საბჭოს ცნობით, “ტროიკას“ შეხვედრებმა ხელსაყრელი გარემო შექმნა საერთო ინტერესის მქონე საკითხების განსახილველად, როგორიცაა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, ასევე სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები და რეგიონალური სტაბილურობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)