სიმონსი: ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები IPAP-ის შესრულებით განისაზღვრება
კავკასიასა და შუა აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რობერტ სიმონსის განცხადებით, ნატოში საქართველოს გაწერვრიანების პერსპექტივები ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) შესრულების საფუძველზე განისაზღვრება, იუწყება “რია ნოვოსტი“ 14 დეკემბერს.
რობერტ სიმონსის თქმით, საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, მაგრამ “ჯერ შესვლის პირველ ეტაპზეც კი არ იმყოფება“.
“ჩვენ არაორაზროვნად განვაცხადეთ, რომ საქართველოს მიერ ინდივიდუალური გეგმის შესრულების პარამეტრებს პარტნიორობის შესახებ პროგრამის ფარგლებში შევაფასებთ და ამ შეფასების საფუძველზე გავაკეთებთ დასკვნას, თუ როდის შეძლებს საქართველო ნატოში წევრობის მიმავალ გზაზე დადგომას“, – განაცხადა 14 ნოემბერს რობერტ სიმონსმა.
რობერტ სიმონსმა ასევე განაცხადა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს და მნიშვნელოვანია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარება.
“ამ თვალსაზრისით ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ბოლო წინადადებებს, რომლებშიც ხაზგასმული იყო ამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებელობა“, – დასძინა სიმონსმა.
This post is also available in: English (ინგლისური)