თბილისის თანხმობის გარეშე ცხინვალის რეგიონში რუს სამშვიდობოთა კონტიგენტი ვერ გაიზრდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 იანვარს “გაუგებარი“ უწოდა ცხინვალის რეგიონში შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის მარატ კულახმეტოვის განცხადებას რუსული და ოსური ბატალიონების წინააღმდეგ მოსალოდნელი პროვოკაციების და რუსული სამშვიდობო კონტიგენტის შესაძლო გაზრდის თაობაზე, რაც “მხოლოდ კონტრპროდუქტიულ შედეგს გამოიღებს“.
14 იანვარს მარატ კულახმეტოვმა რუსი და ოსი სამშვიდობოების წინააღმდეგ მოსალოდნელ პროვოკაციებსა და ამ მიზეზით სამშვიდობო კონტიგენტის შესაძლო გაზრდის თაობაზე გააკეთა განცხადება.
“განცხადებაში გამოთქმულ ვარაუდს კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტინგენტის წინააღმდეგ მოსალოდნელ პროვოკაციათა შესახებ, შესაძლოა ჰქონდეს კიდეც რაიმე საფუძველი, მაგრამ ბრალდებათა ფოკუსირება ქართული მხარის მისამართით აბსოლუტურად მიუღებელია და თავად შეიცავს პროვოკაციის ელემენტებს“, –საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.
ქართული მხარის განმარტებით, 1992 წლის ოქმით გათვალისწინებულია სამშვიდობო (ქართული, რუსული და ჩრდილოეთ ოსური) ბატალიონების კონტიგენტის გაზრდა, თუმცა “ეს არ წარმოადგენს რუსი სამშვიდობოების ექსკლუზიურ უფლებას“. თითოეულ სამშვიდობო ბატალიონს უფლება აქვს დაშვებული 500 საშტატო ერთეულის გარდა, იყოლიოს რეზერვი – 300 საშტატო ერთეული, რისი გამოყენების პრეცედენტიც ჯერ–ჯერობით არ ყოფილა.
“გადაწყვეტილება რეზერვის გამოყენების შესახებ მიღებულ უნდა იქნეს შერეული საკონტროლო კომისიის პლენარულ სხდომაზე, ყველა მხარის თანხმობით. შესაბამისად, საქართველოს მხარე არ დაეთანხმება ცალმხრივ გადაწყვეტილებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.
თბილისი იმედოვნებს, რომ რუსი გენერლის განცხადება არ წარმოადგენს რუსეთის მხარის ოფიციალურ პოზიციას და საერთაშორისო თანამეგობრობის დეზორიენტაციის მორიგი მცდელობაა.
თუმცა საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ 6 დეკემბერს ლიუბლიანაში ეუთოს მინისტერიალზე საქართველოს შესახებ განცხადების მიღების შემდეგ, რომელსაც მხარი რუსეთმაც დაუჭირა, მოსკოვმა “არაერთგზის დაადანაშაულა ქართული მხარე არაკონსტრუქციულობაში“.
ეს “ბადებს სერიოზულ ეჭვს ერთის მხრივ, რუსეთის მხარის გულწრფელობაში, როდესაც ლიუბლიანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მხარი დაუჭირა აღნიშნულ განცხადებას და მეორე მხრივ, სწორედ რუსეთის მხარის დაინტერესებაში კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის გზით საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მოახდინოს ქართული მხარის სამშვიდობო გეგმის დეზავუირება და შეინარჩუნოს კონფლიქტის ზონაში არსებული სტატუს-ქვო“, – ნათქვამია კომენტარში.
This post is also available in: English (ინგლისური)