რუსეთის ელჩი სამშვიდობოების გაყვანის შემთხვევაში ვითარების გამწვავებას არ გამორიცხავს
საქართველოში რუსეთის ელჩის ვლადიმერ ჩხიკვიშვილის განცხადებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის შემთხვევაში კონფლიქტის ზონაში „სიტუაცია გამწვავდება“.
საქართველოს პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, მთავრობამ 2006 წლის 10 თებერვლისთვის უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სამშვიდობო პროცესის თაობაზე და თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ პროგრესი არ არის მიღწეული, კანონმდებლები 15 თებერვლიდან სამშვიდობოთა გაყვანის დაწყებას მოითხოვენ.
„ჩემი მოსაზრებით ვითარება გამწვავდება. მოდი დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი… მე არ მინდა წინასწარ გავაკეთო კომენტარი იმის შესახებ, რა იქნება და რა არ იქნება, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვითარება გამწვავდება“, – განაცხადა დღეს თბილისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა.
ვლადიმერ ჩხიკვიშვილი ეთანხმება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ 17 იანვარს გაკეთებულ განცხადებას, რუსი სამშვიდობოების შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული არა მარტო შიდა პოლიტიკური არამედ „ყველა ფაქტორის გათვალისწინებით“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)