მთავრობა მოუწოდებს იმპორტიორებს არ გაზარდონ საწვავის ღირებულება

საქართველოს ხელისუფლებამ მოუწოდა იმპორტიორებს არ გაზარდონ საწვავის ღირებულება ქვეყანაში არსებული ენერგოკრიზისის ფონზე.


„ზოგიერთი მათგანი ცდილობს სარგებელი მიიღოს კრიზისის ხარჯზე. მე მივმართავ ამ ხალხს: გაზის ერთი დიდი ბალონის საბაზრო ღირებულება 15 ლარია… ერთი ლიტრი ნავთის საბაზრო ფასი 1,4 ლარს შეადგენს. თუ დავინახავთ, რომ ვიღაცა ცდილობს საწვავი უფრო მაღალ ფასად გაყიდოს, ჩვენ დაუყონებლივ მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ამაზე. ეს არის გაფრთხილება ყველა ბიზნესმენისთვის, ვინც [ამ ბიზნესშია] ჩართული. ამ მძიმე ჟამს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ.


მისი თქმით, მობილიზებული იქნება ფინანსური პოლიცია საწვავის ფასების გაკონტროლების მიზნით. თუმცა, მან არ დააკონკრეტა რა მექანიზმებით აპირებს ხელისუფლება საწვავის ფასების დარეგულირებას.


„ეს ღონისძიება მიმართულია საწვავის და გათბობის სხვა წყაროების ღირებულების ზრდის თავიდან ასაცილებლად“, – დასძინა არველაძემ. მისი თქმით, ამჟამად ქვეყანას ნავთის რეზერვი არ გააჩნია.      


„ჩვენ საწვავის დეფიციტს განვიცდით და ამჟამად ვმუშაობთ დამატებითი რაოდენობის შემოტანაზე“, – განაცხადა არველაძემ. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)