ენერგოკრიზისის ფონზე სააკაშვილი მოსახლეობას მიმართავს
26 იანვარს, თავის სატელევიზიო მიმართვაში მოსახლეობისადმი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახლანდელი ენერგოკრიზისი გამოცდაა ქვეყნისათვის. მან საქართველოს მოქალაქეებს კრიზისის დაძლევის მიზნით გაერთიანებისკენ მოუწოდა.
მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო მიმართვა დავოსიდან დაბრუნებიდან ცოტა ხანში გაკეთდა. გაზის შეწყვეტასთან ერთად ელექტროენერგიის დეფიციტმა ქვეყანაში ენერგოკრიზისი გაამწვავა, რამაც უბიძგა პრეზიდენტ სააკაშვილს დავოსში ვიზიტი შეეწყვიტა და 26 იანვარს საღამოს საქართველოში დაბრუნებულიყო.
მიმართვა წინ უძღოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას.
პრეზიდენტი სააკაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობა საქართველოსთვის „სამ ძირითად კომპონენტს“ ეფუძნება: ენერგო და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნატოში ინტეგრაცია.
„ეს იყო ბოლო ზამთარი, როდესაც შესაძლებელი იყო ჩვენზე ენერგო დარტყმის მიყენება, რადგანაც [ბაქო-თბილისი-ერზრუმის] გაზსადენი შემოდგომაზე შევა ექსპლოატაციაში, რადგანაც ჩვენ ვაშენებთ საკუთარ ჰესებს [ჰიდროელექტროსადგურებს] და ვქმნით საკუთარ ელექტროგადამცემ ხაზებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს „მტრები“ გააღიზიანა ქვეყნის წარმატებულმა განვითარებამ, რაც ბოლო პერიოდში შეიმჩნეოდა და „ამ წარმატების ფონზე ჩვენ ძალიან უხეში დარტყმა მოგვაყენეს“.
„ჩვენ მოვახერხეთ წესრიგის დამყარება [ენერგო] სექტორში… ჩვენ შევაკეთეთ [ელექტროგადამცემი] ხაზები, ავამუშავეთ ჰიდროელექტროსადგურები და დავიწყეთ ფიქრი ენერგომომარაგების ალტერნატიულ წყაროებზე [კრიზისამდე] რამდენიმე თვით ადრე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„მათ ვერც გაბედეს ჩვენს ტერიტორიაზე აეფეთქებინათ და თავიანთ საკუთარ ტერიტორიაზე ააფეთქეს [გაზსადენები]“, – დასძინა მან.
ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენი 22 იანვარს აფეთქდა.
„ჩვენ გადავიტანთ ამ ენერგოდარტყმას ჩვენს წინააღმდეგ, თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა გავხდეთ წარმატებული და ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ და ევროკავშირი ჩართული არიან საქართველოში სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარების პროცესში.
„მოვიდა დრო, როცა ცხინვალი და სოხუმი საქართველოს შემადგენელი ნაწილები იქნებიან. ჩვენ ამას მივაღწევთ“, – განაცხადა მან.
სააკაშვილის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს ნატოში წევრობის თაობაზე.
„ეს გარკვეულ პირებს ძალიან აღიზიანებს… უნდა შეიგნონ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩვენ ვართ ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურების ნაწილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ყველა ეს სამი მიზანი მიღწევადია უახლოეს პერიოდში“, – დასძინა მან.
სააკაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას გაგებით მოეკიდონ არსებულ ვითარებას და იცოდნენ, რომ ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შეძლებს საქართველო არსებული კრიზისის გადალახვას.
„თუ ჩვენ მაგრად დავდგებით, თუ ჩვენი მტრები ვერ დაინახავენ დათრგუნულ, სუსტ და პესიმისტურ საქართველოს, ჩვენ წარმატებას მივაღწევთ… მე მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს: მოდით ნუ გავაბედნიერებთ ჩვენს მტრებს. ჩვენ გადავლახავთ ამ კრიზისს და განვაგრძობთ განვითარებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)