კულახმეტოვი რუსი ოფიცრების დაკავებას “პროვოკაციას“ უწოდებს
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა რუსეთის პირველი არხის ეთერში დღეს კომენტარი გააკეთა ქართველი სამართალდამცავების მიერ სამი რუსი სამხედროს დაკავებასთან დაკავშირებით და ამ ფაქტს “პროვოკაცია“ უწოდა.
საქართველოს სამხედრო პოლიციამ 8 თებერვალს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ქურთაში რუსი სამხედრო ოფიცრები სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო დააკავა.
“არსებობს ათასი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ვფუნქციონირებთ [სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში], ბოლო პერიოდში ქართული მხარე ხელოვნურ პრობლემებს ქმნის…. მე ვთვლი, რომ არსებული ინციდენტი არის უბრალოდ უხეში პროვოკაცია ქართული მხარის მხრიდან“, – განაცხდა მარატ კულახმეტოვმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსმა სამშვიდობოებმა თავიანთი საგუშაგოები გააძლიერეს.
“ამ დროსთვის გაძლიერებულია ყველა პოსტი და მიღებულია ძალისმიერი ინციდენტების არდაშვების გადაწყვეტილება“, – დასძინა კულახმეტოვმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)