ხელვაჩაურის რაიონში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა

პარლამენტმა დღეს 138 ხმით 2–ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, სადაც H5N1 ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.


პრეზიდენტის ბრძანებულება ითვალისწინებს ხელვაჩაურის რაიონში შინაური ფრინველის და ფრინველის პროდუქტის კონფისკაციას; გარეულ ფრინველზე ნადირობის აკრძალვას და ადგილობრივი მოსახლეობისგან სანადირო თოფების კონფისკაციას; საჭიროების შემთხვევაში გადაადგილების შეზღუდვას. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საგანგებო მდგომარეობა 2006 წლის 1 ოქტომბრამდე იქნება ძალაში.


კენჭისყრამდე პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციებმა მოუწოდეს პარლამენტს დაფიქრებისაკენ, ვიდრე საგანგებო მდგომარეობის 7 თვით გამოცხადებას დაუჭერდნენ მხარს.


“ეს ტერიტორია უშუალოდ ბათუმის და საკურორტო ზონების სიახლოვესაა. ამდენად, 7 თვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, რომელშიც საკურორტო სეზონიც მოექცევა, უნდა ვიფიქროთ რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება ტურიზმის განვითარებაზე“, – განაცხადა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე “რესპუბლიკელმა“ დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ.


მისი თქმით, კონსტიტუცია ითვალისწინებს არჩევნების ჩატარების თაობაზე საგანგებო გადაწყვეტილების მიღებას იმ შემთხვევაში, თუ ერთ–ერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.


“ასე, რომ პალიკო კუბლაშვილის [დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან“] განცხადება, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული არ არის, კითხვის ნიშნებს ტოვებს. თუკი საგანგებო მდგომარეობა 7 თვე გაგრძელდება, პარლამენტს მოუწევს მიიღოს გადაწყვეტილება ჩატარდეს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ შემოდგომაზე და თუ ეს საპარლამენტო უმრავლესობის ინტერესებში არ იქნა, არჩევნები შეიძლება არც კი ჩატარდეს“, – განაცხადა ხაინდრავამ.


თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არჩევნების ჩატარებას ხელს არ შეუშლის.


“მე დღეს საგანგებოდ ვესაუბრე პრემიერ–მინისტრს [ზურაბ ნოღაიდელს] და მან განმიცხადა, რომ მთავრობის ეფექტური ნაბიჯების შედეგად ის შიში, რაც ფრინველის გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებობდა, არ გამართლდა და მოხერხდა საფრთხის ლოკალიზება. ამდენად, იმედი გვაქვს, რომ ბევრად უფრო ადრე შევძლებთ საგანგებო მდგომარეობი გაუქმებას, ვიდრე ეს პრეზიდენტის ბრძანებულებით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ბურჯანაძემ და აქვე დასძინა, რომ არსებული პროცედურების გამო პარლამენტი ვალდებულია ამ ეტაპზე ცვლილებების შეტანის გარეშე დაამტკიცოს პრეზიდენტის ბრძანებულება, “თუმცა ჩვენ ამ საკითხს მალე ისევ დავუბრუნდებით“.


ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ მან დაავალა იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს შეიმუშავოს კანონპროექტი, რომელიც საშულებას მისცემს მთავრობას გაატაროს საგანგებო ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.


“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მსგავსი სიტუაცია არასოდეს გვქონია, ერთადერთი სამართლებრივი საშუალება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იყო, თუმცა იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენ გვექნება ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც თავიდან აგვაცილებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას“, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა ასევე პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ ხელვაჩაურის რაიონში შინაური ფრინველი შესაბამისი კომპენსაციის გაცემის გარეშე ნადგურდება და მოუწოდეს ხელისუფლებას ბიუჯეტში ცვლილებებისა ან სარეზერვო ფონდებიდან თანხების გამოყოფის გზით აღნიშნული პრობლემა დაარეგულირონ.


თუმცა კანონმდებლობა საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში კონსტიტუციის უზრუნველყოფილი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის კერძო საკუთრების უფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.


პარლამენტის ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა მუშაობს კომპენსაციების თემაზე, “თუმცა ჩვენ საჭირო სახსრები არ გვაქვს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)