თბილისი შსკ–ს შესახებ მოსკოვის წინადადებას განიხილავს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, ქართული მხარე განიხილავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვალერი კენიაიკინის წინადადებას შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ვლადიკავკაზში ან ცხინვალში ჩატარების თაობაზე.


რუსული მხარე ამ ინიციატივით 2 მარტს გამოვიდა. ამას წინ უძღვოდა გიორგი ხაინდრავას წინადადება შსკ-ს სხდომის თბილისში ჩატარების თაობაზე, რაზეც ცხინვალმა უარი განაცხადა.


“ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს სად ჩატარდება შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა. მთავარია პროცესი მიმდინარეობდეს“, – განუცხადა 3 მარტს გიორგი ხაინდრავამ “სივილ ჯორჯიას“.


გიორგი ხაინდრავას თქმით, რუსული მხარის წინადადება ამჟამად განიხილება და ქართული მხარის პოზიცია შსკ-ს თანათავმჯდომარეებს უახლოეს დღეებში ეცნობებათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)