მოსკოვი სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრას შსკ–ს ფარგლებში მიიჩნევს შესაძლებლად
დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა კომენტარი გააკეთა სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის განზრახვაზე სარჩელით მიმართოს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების თაობაზე.
“რაც შეეხება სამხრეთ ოსური მხარის განცხადებებს, რომ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ სამხრეთ ოსეთის სტატუსის თაობაზე, ეს საკითხი არაერთხელ დამდგარა რუსეთის ხელმძღვანელობისა და სათათბიროს წინაშე… მისი განხილვის შედეგები კი ცნობილია“, – განუცხადა “ინტერფაქსს“ მიხეილ კამინინმა 23 მარტს.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრა შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.
“რუსული მხარის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ სტატუსის საკითხები წინსწრების გარეშე უნდა გახდეს შსკ–ს მოლაპარაკებათა საგანი, ამ მოლაპარაკებების მესამე ეტაპზე“, – განაცხადა კამინინმა.
დღესვე მან განმარტა რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწის გენადი ბუკაევის მიერ 22 მარტს ვლადიკავკაზში გაკეთებული განცხადება ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების თაობაზე.
მისი თქმით, ჩრდილოეთ ოსეთსა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მთავრობათა ერთობლივ სხდომაზე განხილული საკითხი ეხებოდა ეკონომიკური კეთილდღეობის ზონის შექმნას, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის და გორის რაიონის ტერიტორიებს.
“თავად ფაქტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის მთავრობათა ერთობლივი სხდომის ჩატარების თაობაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა [რუსეთის] პრემიერ-მინისტრის თანაშემწე გენადი ბუკაევი, განიხილება ეკონომიკური კეთილდღეობის ზონის შექმნის კონცეფციის კონტექსტში, რომელსაც საფუძველი 2004 წლის ნოემბერში ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითს შორის გამართული შეხვედრის დროს ჩაეყარა“, – განუცხადა “ინტერფაქსს” 23 მარტს კამინინმა.
რუსული გაზეთის “ვედომოსტი“ ცნობით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ გენადი ბუკაევმა 22 მარტს ვლადიკავკაზში განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო “პრინციპული გადაწყვეტილება“ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების თაობაზე.
კამინინის განცხადებით, პრესის მიერ ბუკაევის ციტირება არაკორექტული იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)