პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი სიმონ კილაძე ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სიმონ კილაძე 2004 წლიდან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს სისტემატურად აწვდიდა ინფორმაციას, თუმცა მერაბიშვილმა კონკრეტული ქვეყნების დასახელებისაგან თავი შეიკავა.
მინისტრის თქმით, კილაძემ ინფორმაციის გადაცემისთვის დაახლოებით 20 ათასი აშშ დოლარის ანაზღაურება მიიღო.
“სიმონ კილაძე 2004 წლიდან სისტემატურად აწვდიდა საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის, ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელების, სახელმწიფო დელეგაციების ვიზიტიების, შემდგომი შეხვედრების, შეხვედრებზე განსახილველი საკითხების შესახებ და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციას“, – განაცხადა შს მინისტრმა და დასძინა, რომ ეჭვმიტანილი ინფორმაციას გადასცემდა ელექტრონული და საერთაშორიოს ფოსტის საშუალებით.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი არველაძის განცხადებით, დამთავრდა ის დრო როდესაც უცხო ქვეყნის აგენტები შეუზღუდავად მუშაობდნენ ხელისუფლების შტოებში. “ვერანაირი სპეცსამსახური ვერ მიაღწევს წარმატებას ჩვენი უმაღლესი ხელისუფლების სტრუქტურებში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში“, – დასძინა გიორგი არველაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)