სააკაშვილი ჯაშუშებს ულტიმატუმს უყენებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურებში ჯაშუშთა ქსელის არსებობის შესახებ და აღნიშნა, რომ იგი უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს იმ პირებს, რომლებიც 1 მაისამდე საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას დაიწყებენ.


ხორვატიაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის სიმონ კილაძის დაკავებაზე, რომელსაც ჯაშუშობასა და სამშობლოს ღალატში ედება ბრალი.


სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახურს აქვს “ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს წინააღმდეგ ამ კონკრეტული პიროვნების საქმიანობას“.


“საქართველოში არასოდეს, დამოუკიდებლობის შემდეგ, ამ ბრალდებით სახელმწიფო უწყებებში არავინ არ დაუკავებიათ.  ეს პერიოდი დამთავრდა. ვშიშობ, რომ ეს არ არის ბოლო ადამიანი, ვინც შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფო ორგანოებში, იმ ინფორმაციით რომელიც მე მაქვს, რომელიც დაკავებულია ანალოგიური საქმიანობით. ამ ხალხმა უნდა იცოდეს ერთი რამ. ისინი მუშაობენ არა კონკრეტული პრეზიდენტის, ან კონკრეტული მთავრობის წინააღმდეგ, ისინი მუშაობენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი შვილების მომავლის წინააღმდეგ. მაგრამ კარგი ამბავი არის ის, რომ ყოველ ასეთ ადამიანზე მოდის ძალიან ბევრი პატრიოტი, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებში, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან ამით დაკავებული“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებდით დიდი ხნის განმავლობაში. ძალიან ბევრ ადამიანზე ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია. ჩვენ ვაძლევთ ერთ თვეს, დაახლოებით 1 მაისამდე, რათა ის ადამიანები, რომლებიც დღეს თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ, გამოცხადდნენ კონტრდაზვერვაში და თანამშრომლობის პირობებში, მე ვაძლევ გარანტიას, რომ ისინი იქნებიან სრულიად ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ჰქონოდათ აქამდე გაკეთებული, მათ ერთი თმა არ ჩამოუვარდებათ… ამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი ინფორმაცია. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მათ ითანამშრომლონ საკუთარ სახელმწიფოსთან ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში მათ არაფერი არ ემუქრებათ. მაგრამ ის პერიოდი, როცა საქართველოში იყო სრული თავისუფლება ასეთი ტიპის საქმიანობის, დამთავრდა… ჩვენ გვყავს ეფექტურად მომუშავე სამრთალდამცავი სისტემა, კარგი კონტრდაზვერვა, და მინდა ვუთხრა ამ ხალხს, რომ გამოიყენონ ეს შანსი  და გადავიდნენ თანამშრომლობის რეჟიმში ქართულ სამართალდამცველ სტრუქტურებთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)