ოპოზიცია ბიზნესზე ხელისუფლების ზეწოლის საჯაროდ გაცხადებას მიესალმება

დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას და მიესალმნენ ბიზნესზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის საჯაროდ გაცხადებას.


დღევანდელ პრესკონფერენციაზე ოპოზიციური პარტიების – რესპუბლიკელების, კონსერვატორების, ლეიბორისტების, ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ ბიზნესმენთა ფედერაციაში გავლენიანი ბიზნესმენის, ტელეკომპანია “იმედის“ დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის გამოსვლას, რომელმაც ხელისუფლება ბიზნესსა და მედიაზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ამ განცხადების საპასუხოდ უმრავლესობის ლიდერმა გიგა ბოკერიამ პატარკაციშვილს უკვე უწოდა ოპოზიციის “ახალი ლიდერი და სპონსორი“.


რესპუბლიკელი თინა ხიდაშელის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის შევიწროვებაზე მხოლოდ ოპოზიციური პარტიები საუბრობდნენ.


“თუკი ამაზე ისაუბრებს ბიზნესი მაშინ მე, დიდ იმედს ვიტოვებ, ხელისუფლება გონს მოეგება და უფრო კონსტრუქციული გახდება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.


“ყველანაირად წინ აღვუდგებით ხელისუფლების ქმედებას დაამყაროს ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი, სადაც არ არსებობს მისგან თავისუფალი არც ბიზნესი, არც ტელევიზია“, – განაცხადა კონსერვატორების ლიდერმა კობა დავითაშვილმა.


“ჩვენთვის არავისთვის უცხო არ არის ის, რომ ბიზნესზე ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორცილდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ორი წლის განმავლობაში… არავისთვის მოულოდნელი არ არის მედიის შევიწროვების არაერთი ფაქტი“, – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების“ ერთ–ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ და დასძინა, რომ ოპოზიციას ბადრი პატარკაციშვილი არ აფინანსებს.


“ისე, დიდი სიამოვნებით მივიღებთ თანხებს, რადგან ნორმალურ ქვეყანაში ბიზნესი აფინანსებს ოპოზიციას“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)