გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის შესახებ სტანდარტულ რეზოლუციას იღებს
გაეროს უშიშროების საბჭომ 31 მარტს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და აგრძელებს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატს 2006 წლის 15 ოქტომბრამდე.
განსხვავებით უშიშროების საბჭოს მიერ 2006 წლის 31 იანვარს მიღებული რეზოლუციისა, რომელიც ტექნიკური ხასიათის იყო და მხოლოდ ორი თვით, 31 მარტამდე გააგრძელა მისიის მანდატი, გუშინდელი დოკუმენტი ასევე უცხადებს მხარდაჭერას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას ე.წ. “ბოდენის დოკუმენტის“ საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს აფხაზეთის სტატუს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში.
31 მარტის რეზოლუცია მოუწოდებს ქართულ და აფხაზურ მხარეებს “დაასრულოს ცეცხლის განუახლებლობის და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გალის რაიონში დაბრუნების შესახებ დოკუმენტებზე მუშაობა“.
უშიშროების საბჭომ ასევე მოუწოდა მხარეებს სერიოზულად მოეკიდოს აფხაზეთის წუხილებს უსაფრთხოების თაობაზე, თავიდან აიცილოს სახიფათო ნაბიჯები და თავი შეიკავონ სამხედრო რიტორიკისგან.
უშიშროების საბჭომ მოუწოდა აფხაზურ მხარეს “სერიოზულად მოეკიდოს დევნილთა ღირსეული დაბრუნების საკითხს, მათი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ჩათვლით“. საბჭომ ასევე მოუწოდა აფხაზურ მხარეს შეასრულოს თავისი ვალდებულება გალში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნასა და გაეროს პოლიციის კომპონენტის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)