პარლამენტის თავმჯდომარეს მხოლოდ მრეწველები ხვდებიან
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის დღევანდელ მოწოდებას პარლამენტში შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც ოპოზიციასთან დიალოგის გამართვას ისახავს მიზნად, მხოლოდ მრეწველთა ლიდერი ზურაბ ტყემალაძე გამოეხმაურა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე გამოცხადდა.
დანარჩენმა ოპოზიციურმა ფრაქციებმა – ახალმა მემარჯვენეებმა და დემოკრატიულმა ფრონტმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე უარი თქვეს იმ მოტივით, რომ უმრავლესობა მაინც არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
მათი ამ ვარაუდის საფუძველი უმრავლესობის ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადება გახდა. ბოკერიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები, რომელიც მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევას, საარჩევნო კომისიის პარიტეტულ დაკომპლექტებას და ვანო მერაბიშვილის გადადგომას ეხება, უკვე გადაწყვეტილია და არ გადაიხედება.
“არის მრავალი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საპარლამენტო მუშაობა უნდა გაგრძელდეს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ნაწილი მაინც ოპონენტებისა მიიღებენ ამაში მონაწილეობას“, – განუცხადა 17 აპრილს ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.
მრეწველთა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ ბურჯანაძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ეს ნაბიჯი არ ნიშნავს ბოიკოტზე უარის თქმას.
“მე მოვდივარ [პარლამენტის] თავმჯდომარესთან… უნდა ვისაუბროთ იმ საკითხებზე – საარჩევნო კანონმდებლობაზე და საგადასახდო კოდექსზე, რასაც განვიხილავთ შემთანხმებელ ჯგუფში… ამ ორ საკითხთან დაკავშირებით თუ მივაღწიეთ შეთანხმებას, მივიღებთ მხოლოდ ამ ორი საკითხის განხილვაში მონაწილეობას, დანარჩენი ბოიკოტი რჩება ძალაში“, – განუცხადა ტყემალაძემ ჟურნალისტებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)