ვანო მერაბიშვილი პოლიციის პროფესიონალიზმზე საუბრობს

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მის უწყებაში პროფესიონალები მუშაობენ. მან კომენტარი გააკეთა 2 მაისს პოლიციის მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციაზე, რომელიც ორი ეჭვმიტანილის მსხვერპლით დასრულდა. 


“ზოგიერთი თურმე შეწუხდა იმით რომ პოლიცია მუშაობს. მათ ვანუგეშებ და ვეტყვი, რომ პოლიცია მორალს არ დაკარგავს და საქართველოს და თბილისის მოქალაქეები იქნებიან აუცილებლად დაცულები. მე ვარ ბედნიერი, რომ არც ერთ სპეცოპერაციას საქართველოში არ მოჰყოლია შემთხვევითი ადამიანის მსხვერპლი ან დაჭრა. ეს ნიშნავს მაღალ პროფესიონალიზმს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ვანო მებაბიშვილმა.


ბოლო პერიოდში პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციები, რომელთა ნაწილიც მსხვერპლით დასრულდა, ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფების და საზოგადოების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა, რადგან ისინი პოლიციას  ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაში ადანაშაულებენ.


მერაბიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე და განაცხადა, რომ კანონიერ ქურდებს საქართველოში აღარ დაედგომებათ მას შემდეგ, რაც მათ საქართველოს ხელისუფლებამ “სერიოზული დარტყმა“ მიაყენა. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროში პროფესიონალები მუშაობენ და საქართველოს ქურდების ოცნებას როგორმე საქართველოში დააბრუნონ ის დრო, როცა დღისით, მზისით ხდებოდა ადამიანების ჩახოცვა, მოტაცება, ძარცვა, ყაჩაღობა – ისტორიას ჩაბარდა…, ყაჩაღების დრო აღარ დაბრუნდება და დღეს რომ ქართველი ქურდებისგან შეწუხებულები არიან ჩვენი ავსტრიელი კოლეგები ამაში დავრწმუნდი, როდესაც ვიყავი ავსტრიაში. იქ კანონიერი ქურდები, მაგალითად “გლეხოვიჩი“, წარმოადგენს თავის ტკივილს ვენის პოლიციის, ის რომ რუსეთის შს მინისტრი 15 წუთს კალაშოვზე [კრიმინალური ავტორიტეტი] საუბარს ანდომებს,  ესპანეთის შს მინისტრი  ტარიელ ონიანზე [კრიმინალური ავტორიტეტი] მესაუბრება,  მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ საქართველოში სერიოზული დარტყმა მივაყენეთ ძალიან სერიოზულ მაფიოზურ დაჯგუფებას, რომელიც არაფრით არ ჩამორჩებოდა იტალიურ ან ამერიკულ მაფიას, რადგან ჩვენი ქურდების სახელები ზეპირად იციან ესპანეთის, რუსეთის და ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრებმა“, – განაცხადა 8 მაისს ვანო მერაბიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)