სააკაშვილი მიესალმება ესტონეთს, როგორც “მნიშვნელოვან მაგალითს“
პრეზიდენტნმა სააკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან არნოლდ რუუტელთან 11 მაისს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ესტონეთის დახმარებას საქართველოს ნატოში და ევროკავშირში მისწრაფების გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ “ესტონეთის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია“ საქართველოსთვის.
“იმიტომ, რომ ის რაც ხდება დღეს საქართველოში, ეს ყველაფერი ესტონეთმა რამდენიმე წლის წინ განვლო: ეკონომიკური ემბარგო, ბლოკადა, გამოუცხადებელი ეკონომიკური სანქციები, მცდელობა ეკონომიკის განადგურების და [ესტონეთის] თითოეული ოჯახისთვის პრობლემების შექმნის. მაგრამ ესტონეთი არის ჩვენთვის იმედის ორიენტირი, იმიტომ რომ ესტონეთი, რომელსაც დაუბლოკეს ყველა მისი საექსპორტო პროდუქტი რუსეთში, დღეს ესტონეთის საერთო ექსპორტის მხოლოდ 4-5% მოდის რუსეთზე, როდესაც რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი 90%-ს შეადგენდა და ესტონეთი თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ ბაზარზე; ამჟამად ესტონეთს აქვს ყველაზე განვითარებული ეკონომიკა აღმოსავლეთ ევროპაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“ესტონეთმა შეძლო, რომ ჰქონდეს დღეს ერთ სულ მოსახლეზე თითქმის სამჯერ მეტი შემოსავალი, ნავთობის და გაზის გარეშე, ვიდრე რუსეთს, რომელსაც აქვს ნავთობი, გაზი, სხვა ბუნებრივი რესურსები და ცხოვრობს სამჯერ უფრო ღარიბად ვიდრე ესტონეთი, რომლის დაჩოქება და განადგურება იმ პერიოდში მაშინდელმა რუსულმა პოლიტიკამ განიზრახა“, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარტ ლაარი, რომელსაც მან “ესტონეთის ეკონომიკური სასწაულის ძირითადი ავტორი“ უწოდა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გახდა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.
“რამდენიმე დღეში ის [მარტ ლაარი] გადმოსახლდება თბილისში და დაჯდება მუდმივად კანცელარიაში, რათა ერთად ვიმუშავოთ საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებზე და საქართველოს ეკონომიკის წინსვლაზე, იმ გაჭირვების და პრობლემების გადალახვაზე, რომელთაც დღეს გვიქმნიან და რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ატარებს დროებით ხასიათს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ესტონეთის გამოცდილებას იზიარებს ქართული სკოლების კომპიუტერიზაციის კუთხით და განაცხადა, რომ “იმაზე, რაზეც ესტონეთს ხუთი წელიწადი დასჭირდა, ჩვენ დაგვჭირდება ორ წელიწად ნახევარი“.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს ესტონეთის დახმარების საკითხი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ფალსიფიცირებული ქართული ღვინის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა “მილიონობით“ თანხის დახარჯვას გეგმავს მსოფლიოში ქართული ღვინის რეკლამირებისთვის, თუმცა ასევე მოუწოდა ქართველ მეღვინეებს იაქტიურონ ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრების მოძიების საქმეში.
“ჩვენ უპრობლემოდ, წელსვე თუ არა, ამ ორი წლის განმავლობაში, რუსეთის ბაზარზე გასატან მთელ ღვინოს – და ეს არც ისე დიდი რაოდენობაა მსოფლიო მასშტაბების თვალსაზრისით – მთლიანად გადავანაწილებთ მსოფლიოს სხვა ბაზრებზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო წელს საელჩოს გახსნის ტალინში და „ჩვენი წარმომადგენლის მთავარი მიზანი იქ იქნება ახალი ბაზრების ათვისება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)