გიორგაძე “ჭინჭრების რევოლუციით“ იმუქრება
მოსკოვში 24 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე იგორ გიორგაძემ, რომელიც საქართველოს მიერ ტერორიზმის ბრალდებით იძებნება, განაცხადა, რომ იგი “ჭინჭრების რევოლუციას“ მოაწყობს საქართველოში, თუ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაცია უარს იტყვის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, იტყობინებიან “რია ნოვოსტი“ და “ინტერფაქსი“.
იგორ გიორგაძემ ასევე განაცხადა, რომ იგი არ მიმართავს რუსეთს პოლიტიკური თავშესაფრისთვის მიუხედავად რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებისა, რომ მოსკოვი მზად არის გიორგაძეს ეს სტატუსი მიანიჭოს.
“მე არ ვაპირებ გაქცევას ან დამალვას“, – განაცხადა იგორ გიორგაძემ, რომელიც ინტერპოლის მიერ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების გამო იძებნება.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე აღმოუჩინა მას მხარდაჭერა, რაც დაეხმარება მას საერთაშორისო დონეზე მოიხსნას საქართველოს მიერ წაყენებული ბრალდებები.
“მე არ ვთხოვ რუსეთს მოქალაქეობას ან პოლიტიკურ თავშესაფარს. ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ რუსეთი უფლებას მაძლევს აქ დავრჩე, რომ რუსი სამართალდამცავები არ ნადირობენ ჩემზე და რომ ჩემი ადვოკატები შეეცდებიან მომიხსნან ბრალდებები“, – განაცხადა გიორგაძემ.
გიორგაძემ, რომელიც პარტია სამართლიანობას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყანას უფსკრულამდე მიიყვანს.
“თუ საქართველოს ხელისუფლება ვერ შეასრულებს ხალხის ნებას და თუ არ გადადგებიან და არ გამართავენ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენ ამას “ვარდების რევოლუციის“ მსგავსად განვახორციელებთ, მაგრამ მისი სახელი იქნება “ჭინჭრების რევოლუცია“, – განაცხადა გიორგაძემ.
მისი თქმით, რუსეთთან თანამშრომლობა მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთთან, არამედ ჩვენ გვინდა მეგობრული ურთიერთობების დამყარება რუსეთთან“, – განაცხადა მან.
“მინდა ვუთხრა ჩემს თანამემამულეებს, რომ თუ არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ, სავიზო რეჟიმი რუსეთთან სამ დღეში გაქრება“, – დასძინა გიორგაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)