მოსკოვი სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის უფლების მნიშვნელობაზე მიუთითებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 1 ივნისს განაცხადა, რომ იმის პარალელურად, რომ რუსეთი იზიარებს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, ასევე პატივისცემას იმსახურებს თვითგამორკვევის პრინციპი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
“ჩვენ პატივს ვცემთ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. მაგრამ ჯერ–ჯერობით ეს მთლიანობა საქართველოსთან მიმართებაში – უფრო მეტად შესაძლო მდგომარეობაა, ვიდრე სახეზე არსებული პოლიტიკურ–სამართლებრივი რეალობა, და მისი შექმნა შესაძლებელია მხოლოდ რთული მოლაპარაკებების შედეგად, რომელთა დროსაც თავდაპირველი პოზიცია სამხრეთ ოსეთისა, როგორც ჩვენ გვესმის, დაფუძნებულია საერთაშორისო თანამეგობრობაში არანაკლებად აღიარებად პრინციპზე – თვითგამორკვევის უფლებაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 1 ივნისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ კონფლიქტის შეთანხმებულად გადაწყვეტა შესაძლებელია ერთობლივი პროგრამის შემუშავებით შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილო ოსურ მხარეებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)