ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს

5 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გზით ხელისუფლების დანაწილების ძლიერი სისტემის შექმნისკენ მოუწოდეს.


განცხადება სახალხო დამცველთან სოზარ სუბართან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული. სუბარის მოხსენება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული ვითარების შესახებ, რომელიც გმობს პოლიციის ძალადობას და სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა უფლებების დარღვევას, მოიწონეს ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა 5 ივნისის სხდომაზე.


ოპოზიცია აცხადებს, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელშიც უშიშროების სამსახურიც შედის, ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს და მისი რეფორმირებაა საჭირო.  ოპოზიცია ასევე გამოდის მუნიციპალური პოლიციის შექმნის ინიციატივით, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაექვემდებარება.


დეპუტატმა კოკა გუნცაძემ ახალი მემარჯვენეებიდან გაზეთ “რეზონანსს“ განუცხადა, რომ პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირების ხარჯზე პარლამენტის ძალაუფლების გაზრდა ასევე არსებითი საკითხია ხელისუფლების დანაწილების სისტემის შესაქმნელად.


2004 წლის თებერვალში მიღებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პრეზიდენტის ძალაუფლება მნიშვნელოვნად გაზარდა.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 2004 წლის თებერვალში განაცხადა, რომ ცვლილებები “იდეალური“ არ იყო. თუმცა, ოფიციალური პირების განმარტებით, ცვლილებები აუცილებელი იყო იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ქვეყანაში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ არსებობდა.


ნინო ბურჯანაძემ მაშინ განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუცია “გარდამავალი“ იყო, რომელიც “ხუთი ან შვიდი წელი“ იმოქმედებდა.


საპარლამენტო უმრავლესობამ ყურადღების მიღმა დატოვა ოპოზიციის მოწოდებები კონსტიტუციური ცვლილებების მიღების თაობაზე.


“მათ [ოპოზიციის] მოთხოვნებს არსებული კონსტიტუციის შეცვლის თაობაზე არაფერი აქვს საერთო არსებულ რეალობასთან“, – განუცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ “რეზონანსს“.  


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)