რუსი დეპუტატები თბილისში ვიზიტს “ნაყოფიერს” უწოდებენ

თბილისში მყოფი რუსეთის სათათბიროს დეპუტატები “ნაყოფიერს” უწოდებენ ქართველ კოლეგებთან 2 დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებს, სადაც რუსულ-ქართული ურთიერთობების პრობლემატური საკითხები განიხილებოდა.


დღეს, სააგენტო “ახალი ამბები- საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ქართველ და რუს პარლამენტარებს შორის სამუშაო შეხვედრები წელიწადში ორჯერ მოსკოვსა და თბილისში გაიმართება. 


“იყო გარკვეული სიცივე [ურთიერთობებში], მაგრამ  ხალხებს შორის ურთიერთობა ყოველთვის მჭიდრო იყო და ეს არასად არ წასულა,  ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუშაობით გავაუმჯობესებთ ამ მდგომარეობას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა კომიტეტის მოადგილემ ალექსანდრე ჟუკოვმა.


რუსი დეპუტატები ასევე იმედით უყურებენ 13 ივნისს სანქტ-პეტერბურგში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, სადაც მათი თქმით, ყველა დაგროვილი პრობლემატური საკითხის “საბოლოო გადაწყვეტა თუ არ მოხდება, დადებითი ფონი მაინც შეიქმნება“.


დსთ-დან საქართველოს შესაძლო გამოსვლაზე კი დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ახმედ ბილალოვმა, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, განაცხადა, რომ ეს ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა.


“ამისგან რუსეთში ტრაგედიას არავინ არ ქმნის“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)