ალასანიას კანდიდატურა გაეროში საქართველოს ელჩად იხილება

დღეს საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის და ამავდროულად ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას კანდიდატურას გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე იხილავს.


პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ირაკლი ალასანია გაროში ელჩად რევაზ ადამიას შეცვლის, რომელსაც ეს თანამდებობა 2002 წლის აპრილიდან უკავია.


ალასანიამ 12 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაეროში იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აფხაზეთის საკითხებზე, მათ შორის ეთნიკური წმენდის აღიარების, გალის რაიონში ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე გაეროს საპოლიციო კომპონენტის შეტანის თემებზე გაამახვილებს.


საპარლამენტო ოპოზიცია ალასანიას ახალ თანამდებობაზე გადაყვანას არ მიესალმა, რადგან ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, “ირაკლი ალასანიამ ძალიან საინტერესო დიალოგი წამოიწყო აფხაზურ მხარესთან, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრი შეაშფოთა მისმა პოზიტიურმა აქტიურობამ და გადაწყვიტეს პოლიტიკურად ნაკლებ მნიშვნელოვან თანამდებობაზე გააგზავნონ“.
 
ირაკლი ალასანია პრეზიდენტის მრჩევლობამდე აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე იყო, მანამდე თავდაცვის მინისტრის, უფრო ადრე კი უშიშროების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)