სეპარატისტთა ლიდერებმა სოხუმში გამართეს შეხვედრა
დღეს სოხუმში სამი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის პრეზიდენტებმა – სერგეი ბაღაფშმა, ედუარდ კოკოითმა და იგორ სმირნოვმა ის დოკუმენტები განიხილეს, რომლებსაც 14 ივნისს ე.წ სამიტის ფარგლებში მოაწერენ ხელს, იტყობინება “აფსნიპრესი“.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტები ორ დოკუმენტს მოაწერენ ხელს. ერთ მათგანში დეკლარირებული იქნება სამი თვითგამოცხადებული რეგიონების მხარდაჭერა არსებული რუსული სამშვიდობო ოპერაციების მიმართ.
მეორე დოკუმენტი კი იქნება ერთობლივი განცხადება სამ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის მომავალი თანამშრომლობის შესახებ.
13 ივნისს დე ფაქტო პრეზიდენტების შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა “სახელმწიფოთშორისი ასოციაციის“ დაარსების იდეაც.
“მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ არ ვიჩქაროთ ამ მიმართულებით… ეს ორგანიზაცია დაფუძნდება მაშინ, როცა შესაბამისი წინაპირობა იარსებებს“, – განაცხადა შამბამ.
სერგეი ბაღაფშის განცხადებით, სამივე რეგიონს სურს “მშვიდობა და დამოუკიდებლობა“.
მისი თქმით, ჯერ–ჯერობით არ განიხილება აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთს შორის სამხედრო კავშირის შექმნის გეგმები.
“ჩვენ ვაპირებთ ყველა პრობლემის მოლაპარაკებათა გზით გადაწყვეტას“, – განუცხადა ბაღაფშმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.
მისი განცხადებით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთთან ურთიერთობებში საერთო მიდგომები.
სეპარატისტთა სამიტი სოხუმში დროში დაემთხვა სანკტ–პეტერბურგში, 13 ივნისს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მაღალი დონის შეხვედრას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)