აშშ სამხრეთ ოსეთის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს
ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის აშშ-ს დახმარების კოორდინატორმა თომას ადამსმა 14 ივნისს ბრიუსელში ეუთოს დონორთა კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 2 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციისთვის პირველ წელს, რასაც მოყვება დამატებითი სახსრები მომდევნო წლებში, იტყობინება აშშ-ს საელჩო საქართველოში.
ელჩმა ადამსმა აღნიშნა, რომ აშშ-ს დახმარება მიმართული იქნება სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერისკენ, ასევე დაეხმარება ლიდერებს ხალხის მოთხოვნებში ჩადონ ინვესტიციები და გააფართოვონ ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები.
“აშშ-ს პოლიტიკა ნათელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარეების მცდელობას უზრუნველყონ გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონის მოსახლეობისათვის დემოკრატიული, ერთიანი და აყვავებული საქართველოს ფარგლებში და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების საფუძველზე“, – განაცხადა ადამსმა.
დონორთა კონფერენციას ასევე ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. სავარაუდოდ, დონორთა კონფერენციაზე უნდა გადაწყდეს 10 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციისათვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)