სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე განაჩენი საპროტესტო აქციის ფონზე გამოაცხადა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოაცხადა და მთავარ ბრალდებულს, შსს–ს კონსტიტუციული უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი განყოფილების ყოფილ უფროსს გია ალანიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენ სამ ბრალდებულს – ავთანდილ აფციაურს, ალექსანდრე ღაჭავას და მიხეილ ბიბილურიძეს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა ალანიასთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო დანარჩენისთვის 8–წლიან პატიმრობას მოითხოვდა.
იმის გამო, რომ მოსამართლე ჩემიას არ წარმოუდგენია განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ რა მოტივით მიესაჯა ბიბილურიძეს 7–წლიანი პატიმრობა, რადგან 5 ივლისს გირგვლიანის მეგობარმა, საქმეში მთავარმა მოწმემ და დაზარალებულმა ლევან ბუხაიძემ ურყო მისი მონაწილეობა დანაშაულში. ბუხაიძის განცხადებით, მის ნაცვლად შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი იმყოფებოდა დანაშაულის ადგილას.
განაჩენის გამოცხადებამდე სანდრო გირგვლიანის დაცვის მხარემ, ახლობლებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
“არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ ადამიანებს რამდენს მიუსჯიდნენ. სასამართლო გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ საქმეზე ნახევარ სიმართლე თქმულიყო და არ დამდგარიყო [შს მინისტრის მეუღლის]თაკო სალაყაიას[შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნების]ოლეგ მელნიკოვის, დათა ახალაიას, ვასილ სანოძის, გურამ დონაძის პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ.
მისივე განცხადებით, დღეს გირგვლიანის დედამ ირინა ენუქიძემ პროკურატურაში შეიტანა სარჩელი, სადაც ოლეგ მელნიკოვის წინააღმდეგ ბუხაიძის სასამართლო ჩვენების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს და მის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს.
“თუ ამ საჩივარს მსვლელობა მიეცემა, ფაქტიურად ახლა უნდა დაიწყოს ძირითადი საქმის გამოძიება“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
განაჩენის გამოცხადების პარალელურად შეხლა–შემოხლას ჰქონდა ადგილი სასამართლოს დერეფნებში დაცვასა და გირგვლიანის გულშემატკივრებს შორის. შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, სამი ადამიანი იქნა დაკავებული.
პარალელურად სასამართლოს ეზოში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია 400–მდე ადამიანის მონაწილეობით, რომელთაც აქციის გამართვისაკენ ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა და საზოგადოების ცნობილმა სახეებმა მოუწოდეს.
სასამართლო განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა ასევე სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, რომელმაც სასამართლო პროცესს “არაადეკვატური” უწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)