პუტინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბრობს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6 ივლისს გამართულ ინტერნეტ–კონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კონფლიქტების მოგვარების მიმართ ორმაგი სტანდარტების გამოყენება “არასწორია“. მან ასევე მოუწოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებისაკენ, როგორც ეს ჩეჩნეთში გაკეთდა.
“ჩვენ პირდაპირ ხალხს მივმართეთ [ჩეჩნეთში]… მე ფაქტიურად ერთადერთი ვიყავი, ვინც ამ გადაწყვეტილებას უჭერდა მხარს… ჩვენ საკმაოდ თამამ ნაბიჯზე წავედით, ჩვენ ამ დოკუმენტების [ჩეჩენეთის კონსტიტუციის] ფარგლებში ავტონომიურობის თვალსაზრისით ჩეჩნეთის რესპუბლიკას დიდი დამოუკიდებლობა მივანიჭეთ და ეს ჩვენ შეგნებულად გავაკეთეთ… იგივე შეიძლება გაკეთდეს აფხაზეთსა და სხვაგანაც“, – განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა.
დსთ–ს თვითგამოცხადებულ რეგიონებში რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ კითხვაზე, ვლადიმერ პუტინმა უპასუხა, რომ “ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით საერთაშორისო სამართლის ერთ–ერთ ფუძემდებლურ პრინციპს – სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, რა თქმა უნდა გვესმის, რომ არ შეიძლება პატივი არ სცე ამა თუ იმ ტერიტორიის მოსახლეობის აზრს თავიანთი ცხოვრების მოწყობის თაობაზე. ეს წინააღმდეგობა ცხოვრებისეულ პრაქტიკასა და გაეროს დოკუმენტებშიც ყოველთვის არსებობდა“.
პუტინის განცხადებით, რუსეთი ამ ტიპის გადაწყვეტილებების საერთო პრინციპების საფუძველზე მიღებას “დაჟინებით“ მოითხოვს, რათა “ერთი მიდგომა არ იქნას გამოყენებული კოსოვოს და აბსოლუტურად სხვა მიდგომა აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მიმართ”.
“მე მიხეილ ნიკოლაევიჩსაც [სააკაშვილს] ვუთხარი, რა განსაკუთრებული სხვაობაა კოსოვოსა ან აფხაზეთს შორის? ერთ შემთხვევაში – დაინგრა იუგოსლავიის იმპერია და მეორე შემთხვევაში – საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე რაღაც ახალი წარმოიქმნა თუ ცდილობს წარმოქმნას. იქაც არის მუსულმანური მოსახლეობა და აქაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აღმსარებლობით მუსულმანია, რაშია განსხვავება? რომელ ისტორიულ მიდგომებში? არც იქ უნდოდათ თითქოს ცხოვრება სხვა ხალხთან ერთად და აქაც პრობლემებია… ამიტომაც ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მონაწილეს, რომ ამ შემთხვევაში თავიდან აიცილოს ორმაგი სტანდარტების გამოყენების ეს ძალიან საშიში ტენდენციები“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს უკვე გამოეხმაურა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში და 6 ივლისს “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების თხოვნის შემთხვევაში სოხუმი მზად არის თვითგამორკვევის თაობაზე რეფერენდუმი მეორედ გამართოს.
თუმცა ცოტა ხნის წინ აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ აფხაზეთში დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი 1999 წელს უკვე ჩატარდა და კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას არ აპირებს.
თბილისი გმობს აფხაზეთში 1999 წელს ჩატარებულ რეფერენდუმს, რადგან 200 ათასზე მეტ დევნილს მასში მონაწილეობა არ მიუღია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)