’სამხრეთ ოსური’ პასპორტების გაცემა ორ თვეში დასრულდება
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, თვითაღიარებული რესპუბლიკაში პასპორტების გაცემა ორი თვის განმავლობაში დასრულდება, იუწყება “რია ნოვოსტი“ 30 აგვისტოს.
“ამჟამად რესპუბლიკაში მსურველთა დიდი რაოდენობის გამო რიგებია… მიუხედავად იმისა რომ ასეთ რამეს ჩვენ არ ველოდით, ვფიქრობ, რომ ორი თვე საკმარისი ვადაა, რათა ყველა მსურველმა მიიღოს პასპორტი და გახდეს სამხრეთ ოსეთის მოქალაქე“, – განაცხადა კოკოითმა.
კოკოითის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პასპორტები წარმოადგენს შიდა დოკუმენტაციას, ისინი რუსულ მხარესთან გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ შეიძლება გამოყენებული იქნას სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების რუსეთის ფედერაციაში გადასაადგილებლად.
კოკოითის თქმით, პირადობის მოწმობებს იღებენ არა მარტო სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები, არამედ ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ლტოლვილებიც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)