რუსეთის საგარეო უწყება: თბილისი შსკ-ს “საბოტირებას“ ახდენს

22 სექტემბერს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) მუშაობის საბოტირებას ახდენს, რათა გააუქმოს არსებული სამშვიდობო ფორმატი.


15 სექტემბერს დანიშნული შსკ-ს 51-ე სხდომის მეორე რაუნდი  ქართული დელეგაციის შემადგენლობაზე თბილისის და ცხინვალის შეუთანხმებლობის გამო ჩაიშალა.  


“მიღწეული იქნა შეთანხმება შსკ-ს სხდომის მეორე რაუნდის ვლადიკავკაზში 26-27 სექტემბერს ჩატარების თაობაზე. თუმცა, როგორც ჩანს, ის კვლავ გადაიდება სამომავლოდ. ქართულმა მხარემ მისი თანათავმჯდომარის “წინასწარ დაგეგმილი ვიზიტებისა და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო“  სხდომის 12-13 ოქტომბრისთვის გადადება მოითხოვა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.


თუმცა, მიუხედავად ქართული მხარის “მცდელობისა შსკ-ს დისკრედიტაცია მოახდინოს“, ამ ფორმატმა დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი სამშვიდობო მექანიზმია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.


რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე მოუწოდა ქართულ მხარეს მიიღოს სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის წინადადება მხარეებს შორის მაღალი დონის შეხვედრის გამართვის თაობაზე.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)