შსს–მ ჯაშუშობის ბრალდებით 4 რუსი ოფიცერი დააკავა
შსს–ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისსა და ბათუმში დააკავა საქართველოში მოქმედი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) 4 ოფიცერი და მათი მოკავშირე 11 საქართველოს მოქალაქე, განაცხადა 27 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.
მან რუსულ მხარეს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი იმ პირის გადმოცემაც მოთხოვა, რომელიც მისი თქმით ამჟამად თავს აფარებს ამიერკავკასიაში რუსეთის შეიარაღებული დაჯგუფების შტაბში, რომელიც თბილისშია განთავსებული.
“დღეს საქართველოში განხორციელდა ძალიან სერიოზული და საშიში ჯგუფის გაუვნებელყოფა“, – განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედ ამ ჯგუფს ხელმძღვანელობას ქალაქ ერევნიდან უწევდა ГРУ–ს ოფიცერი ანატოლი სინიცინი, რომელიც მერაბიშვილის განცხადებით, არის 2005 წლის 1 თებერვალს გორში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში საქართველოს ელჩი ირაკლი ჩუბინიშვილი დაიბარა და საქართველოს ხელისუფლებას დაპატიმრებული რუსი ოფიცრების დაუყონებლივ გათავისუფლება მოსთხოვა.
“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ ჯგუფის მიერ იგეგმებოდა სერიოზული პროვოკაცია, ამიტომ ჩვენ მივიღეთ სასწრაფო გადაწყვეტილება, რათა ეს ადამიანები დაგვეკავებინა და თავიდან აგვეცილებინა მორიგი პროვოკაცია“, – განაცხადა შს მინისტრმა.
მისი თქმით, სამართალდამცავებს აგენტურული ჯგუფის წინააღმდეგ მტკიცებულებები გააჩნიათ.
“ამ ჯაშუშურ ჯგუფს თვეების განმავლობაში ვაკვირდებოდით და გაგვაჩნია უამრავი საინტერსო მასალა და მტკიცებულებები მათ შესახებ. მათი მთავარი ინტერესის ობიექტები იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობა; საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროგრამები და სამომავლო გეგმები; ენერგოუსაფრთხოება; ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები; თავდაცვის სამინისტროს ცალკეული დანაყოფები, პირადი შემადგენლობა, შეიარაღება, სამხედრო შესყიდვები; საზღვაო პორტები, სარკინიგზო კომუნიკაციები, მათი ტვირთბრუნვა; კონფლიქტის ზონაში განთავსებული საჯარისო ფორმირებები“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, თბილისში დაკავებულნი არიან ГРУ-ს პოლკოვნიკი ალექსანდრე სავვა, “საქართველოში მოქმედი ჯაშუშური ჯგუფის ხელმძღვანელი“ და პოდპოლკოვნიკი დიმიტრი კაზანცევი, ბათუმში კი ГРУ-ს პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე ზავგოროდნი და მაიორი ალექსანდრე ბარანოვი.
იმავე დღეს რუსული მედია იტყობინებოდა თბილისში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რომ საქართველოში ოთხი რუსი ოფიცერი დაიკარგა.
მერაბიშვილის განცხადებით მე–5 “ჯაშუში“ ГРУ-ს პოდპოლკოვნიკი კონსტანტინე პიჩუგინი ამჟამად ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბში იმალება და ქართულმა მხარემ უკვე მიმართა რუსეთს მისი გადმოცემის თხოვნით.
“ჩვენი დანაყოფები ახორციელებენ ამ [ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბის] ტერიტორიის პიკეტირებას, რადგან ეს ტერიტორია ჯერ კიდევ არის დიპლომატიურად ხელშეუხებელი და ჩვენ არა გვაქვს საშუალება ღონისძიება განვახორციელოთ იქ… დარწმუნებული ვარ, რომ რუსული მხარე გამოიყენებს დიპლომატიურ ხელშეუხებლობას, მაქსიმალურად შეეცდება, რომ არ გადმოგვცეს ის და მოხდეს მისი დიპლომატიური არხებით რუსეთში გაპარება, მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ კიდევ ერთხელ, რომ გადმოგვეცეს“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა პერიოდში ГРУ-ს რეზიდენტურის მიერ გადაბირებულია საქართველოს 12 მოქალაქე: არტაშეს ბალოიანი, ვიქტორ ორეხოვი, ალექსანდრე ზალინინი, ვიქტორ ზაბროდინი, იური ზაბროდინი, გოდერძი ძულიაშვილი, გია კაკაურიძე, აზიზ ასლანიანი, კარენ აბოიანი, პეტრე აშრაფიანი და ბესო გაბაიძე. მათ ბრალად სახელმწიფოს ღალატს წაუყენებენ.
მერაბიშვილის განცხადებით, მიმალვაშია ერთი ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ზია სამნიძე, რომელიც 6 სექტემბერს დაკავებული იგორ გიორგაძის ერთ–ერთი მხარდამჭერის რამაზ სამნიძის ძმაა.
“ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები ამ ჯგუფთან კავშირში მყოფი პირების დაკავების მიზნით“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)