ბურჯანაძე: არანაირი ვაჭრობა რუსეთთან გაზსადენზე არ იქნება
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კატეგორიული წინააღმდეგია რუსეთისთვის მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვის და აცხადებს, რომ რაც რუსული გაზის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით ამჟამად ხდება, “ეს არის საქართველოს ბრძოლა ენერგოდამოუკიდებლობისათვის“.
“თუ ვინმეს ექნება ადეკვატური რეაქცია მსგავსი რამ რომ თავში მოუვიდეს მთავრობას, პირველი ვიქნები მე, იმიტომ, რომ ისეთი სტრატეგიული ობიექტი, როგორიც არის გაზსადენი ნამდვილად არ შეიძლება, მითუმეტეს ამ ვითარებაში, იყოს რუსეთის ხელში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.
მისი ინფორმაციით, პრეზიდენტი გაზსადენის გასხვისების ასევე კატეგორიული წინააღმდეგია.
“არანაირი გადაწყვეტილება გაზსადენის გაცვლაზე, გასხვისებაზე ან მთლიანად გადაცემაზე რუსეთისათვის არ განიხილება არც გაზის საფასურად და რაც სხვა რამის საფასურად და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არა მარტო პოლიტიკური, არამედ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მან აღნიშნა, რომ წინააღმდეგი არ არის რუსულ ინვესტიციების, “მაგრამ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით და მხოლოდ იმ ობიექტებზე, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს“.
7 ნოემბერს “გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ძალაშია მისი სურვილი შეიძინოს მაგისტრალური გაზსადენი, რითიც მოხდება 110–დან 230 დოლარამდე საქართველოსთვის 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე გაზრდილი ფასის კომპენსაცია.
“ეს არის სქემა, რომელსაც რუსეთი იყენებს სომხეთში, სადაც მან გაზის ტარიფის ზრდასთან ერთად მისი ფორმალურად დაწევისთვის აიღო საკუთრებაში სომხეთის ქონება, სომხეთის მთავრობის თანხმობით, მაგრამ ეს არის მხოლოდ დროებითი, რადგან ქონების ეს ოდენობა გაზის საფასურს ფარავს გარკვეული დროის მონაკვეთში… აქედან გამომდინარე ჩვენ ნებისმიერი საწარმო, ის სტრატეგიულიც რომ არ იყოს, დღეს რომ დავთმოთ გაზის საფასურში, უნდა ვიცოდეთ, რომ სულ ცოტა ერთ წელისწადში მაინც გვექნება მაღალი საფასური გადასახდელი, ამიტომ ის ჭირი, რომელიც არის ახლა გადასატანი, ჯობია გადავიტანოთ ახლა, ვიდრე გავიხანგრძლივოთ დროში… დღეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სჭირდება სიმტკიცე და არანაირი დათმობა. ღირს 230 დოლარი, უნდა გადავიხადოთ”, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო პაპავამ.
მას შემდეგ, რაც “გაზპრომმა” სომხეთის გაზგამანაწილებელი ქსელი შეიძინა, განაცხადა, რომ გაზის ღირებულება სომხეთისთვის 2007 წელს 110 აშშ დოლარი დარჩება 1000 კუბურ მეტრზე.
ოპოზიციურმა ფრაქციებმა ახალმა მემარჯვენეებმა და დემოკრატიულმა ფრონტმა მოითხოვეს მთავრობისაგან მყარი გარანტიების მიღება, რომ გაზსადენი არ გასხვისდება, რადგან მთავრობის ზოგიერთი წევრი ამ ობიექტის გაყიდვას ემხრობა.
“საყოველთაოდ ცნობილია [სახელმწიფო მინისტრის ეკონომიკური რეფორმების საკითხებში] კახა ბენდუქიძის პოზიცია ამ საკითხზე. თუ მთავრობას მკაცრად აქვს განსაზღვრული, რომ არ აპირებს გაზსადენის გაყიდვას, მაშინ რატომ არის ეს კაცი ისევ თავის თანამდებობაზე?”, – განაცხადა რესპუბლიკელმა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა.
კახა ბენდუქიძე ყოველთვის აცხადებდა, რომ გაზსადენის გაყიდვაში საფრთხეს ვერ ხედავდა, თუმცა ამავე დროს აღნიშნავდა, რომ ეს მისი პირადი პოზიცია იყო, რომელსაც მთავრობა არ იზიარებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)