საგარეო უწყების ცნობით, ბეჟუაშვილის განცხადება “დამახინჯებულად“ გაავრცელეს
საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს არასდროს უთქვამს, რომ თბილისი სამხედრო აგრესიას მოელის რუსეთის ფედერაციისგან, განაცხადა საქართველოს საქმეთა სამინისტრომ 9 ნოემბერს.
საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” 7 ნოემბერს ბეჟუაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინებოდა : “ეს საფრთხე გარკვეულწილად არსებობს… თავდასხმის საფრთხე არსებობს და მე აქ ვარ პარიზში და ვესტუმრები სხვა ევროპულ ქვეყნებსაც, რათა ერთად ავუხსნათ რუსეთს, რომ ეს სულელური ნაბიჯი იქნება“.
თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სააგენტომ დაამახინჯა ბეჟუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება.
“კითხვაზე გამორიცხავს თუ არა იგი რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაძლებლობას მინისტრმა უპასუხა, რომ იგი ვერაფერს ვერ გამორიცხავს და დასძინა, რომ ვიზიტისას ამ საკითხზე ისაუბრებს კოლეგებთან“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ საინფორმაციო შეტყობინებაში.
“ამასთან, ქართული მხარისათვის სრულიად მიუღებელია ზემოხსენებული საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული უპასუხისმგებლო ინტერპრეტაცია, რაც არ უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პერსპექტივებს“, – აცხადებს საგარეო უწყება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)