სააკაშვილი თურქეთშია, გაზზე მოლაპარაკებები კი გრძელდება

პრეზიდენტ სააკაშვილის თურქეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტისას, რომელიც 19 დეკემბერს დაიწყო, მსჯელობის მთავარი თემა, სავარაუდოდ,  შაჰ-დენიზის გაზის კვოტების გადანაწილების საკითხი გახდება.


“თურქეთთან და აზერბაიჯანთან საქართველოს ხელისუფლება ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს, რათა საქართველოს მოსახლეობა ენერგიითა და სითბოთი უზრუნველყოფილი იყოს… ენერგეტიკას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ამ კუთხით. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ანკარაში 19 დეკემბერს თავის თურქ კოლეგასთან აჰმედ ნეჯეთ სეზერთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


მოგვიანებით იმავე დღეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა და მისმა თურქმა კოლეგამ ჰილმი გიულერმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. გილაურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შაჰ-დენიზის გაზის გადანაწილების დეტალები ჯერ ისევ შესათანხმებელია. 


ინტენსიური მოლაპარაკებები აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიების წარმომადგენლებს შორის ბაქოში 18 დეკემბერს დასრულდა. ოფიციალური პირები შეეცადნენ საბოლოოდ შეეთანხმებინათ სამი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრების 8 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ დარჩენილი შეუთანხმებელი დეტალები. მინისტრების შეხვედრა, რომელიც თბილისში გაიმართა, დასრულდა თურქეთის თანხმობით თავისი გაზის წილიდან  800 მილიონი კუბური მეტრი  საქართველოსთვის დაეთმო.   


თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბაქოში მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. Associated Press-ი და ზოგიერთი რუსული საინფორმაციო საშუალება აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის ნატიკ ალიევის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ “გარკვეული სიძნელეები“ წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით გადაიხდის საქართველო თურქეთიდან მისაღები 800 მილიონი კუბური მეტრი გაზის საფასურს. 


თუმცა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა კატეგორიულად უარყო, რომ ბაქოში გამართული მოლაპარაკებები წარუმატებელი გამოდგა.


“მე დავუკავშირდი აზერბაიჯანის მხარეს და მათ განაცხადეს, რომ ამგვარი განცხადება საერთოდ არ გაუკეთებიათ. ეს არის რუსული მასმედიის წმინდა პროვოკაცია“, – განუცხადა ნიკა გილაურმა ქართველ ჟურნალისტებს ანკარაში 19 დეკემბერს.


მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები გაზის მოწოდების ძალიან დეტალურ სქემაზე. 
ცოტა ხნის წინ ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ გარდა თურქეთის წილიდან 800 მილიონი კუბური მეტრი გაზისა, საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ასევე მიიღებს 200 მილიონ კუბურ მეტრს შაჰ-დენიზის საბადოდან და 50 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეღავათიან ფასად, როგორც ამას თავდაპირველი კონტრაქტი ითვალისწინებს.   


საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, საქართველო 2007 წელს, სულ ცოტა, 1,05 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს შაჰ-დენიზის საბადოდან. არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველო ასევე ელოდება 200 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის მიღებას სომხეთში ტრანსპორტირების სატრანზიტო გადასახადის სახით.


2006 წლის ბოლოსთვის საქართველოში გაზის მთლიანი მოხმარება, სავარაუდოდ, 1,9 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. მომავალ წელს გაზის სავარაუდო მოხმარების მაჩვენებელი 1,5 მილიარდიდან 1,8 მილიარდ კუბურ მეტრამდე მერყეობს.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2007 წლიდან რუსული გაზის გაძვირების შემდეგ გაზის მოხმარება 1,7 მილიარდი კუბური მეტრი ან შესაძლოა უფრო ნაკლები იყოს იმ შემთხვევაში, თუ გაზის ტარიფი მოსახლეობას გაუძვირდება.


საქართველოს ხელისუფლება ასევე განიხილავს ირანული გაზის იმპორტის შესაძლებლობას, თუმცა ეს ვარიანტი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში განიხილება. აშშ-მ გააფრთხილა თბილისი, რომ თავი შეიკავოს ირანთან ენერგოსაკითხებზე გრძელვადიანი თანამშრომლობისგან.    


“პირველ რიგში, ჩვენ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს [შაჰ-დენიზის გაზის გადანაწილების თაობაზე] და მხოლოდ ამ მოლაპარაკებების შემდეგ, თუ საჭირო გახდება, ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს ირანთან“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 11 დეკემბერს ვაშინგტონში ვიზიტის დროს.


დეკემბერის ბოლოს ზურაბ ნოღაიდელი ნიკა გილაურთან ერთად თეირანს ეწვევა.


რუსულმა ენერგოკომპანია”გაზპრომმა” უკვე გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ 2007 წლის იანვრიდან გაზის მოწოდებას შეწყვეტს, თუ არ იქნება მიღწეული შეთახმება საქართველოსთან 1000 კუბური მეტრი გაზის 230 აშშ დოლარად შეძენის თაობაზე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ეს “პოლიტიკური ფასია“, რომლის გადახდასაც საქართველო არ აპირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)