თბილისი და ბაქო გაზის მოწოდებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ გაურკვევლობა კვლავ რჩება

აზერბაიჯანი 1 მლნ კუბამეტრ გაზს მოაწვდის საქართველოს ყოველდღიურად ზამთრის პერიოდში, იუწყებიან აზერბაიჯანული სააგენტო Trend–ი და ქართული ტელეკომპანიები.


მხარეებმა შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრების ზურაბ ნოღაიდელისა და არტურ რასიზადეს შორის ბაქოში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.


შეთანხმების დეტალები, მათ შორის ფასის საკითხი კვლავ უცნობია.


“ფასი ჩვენთვის მისაღებია”, – განაცხადა ნოღაიდელმა.


ასევე გაურკვეველია ყოველდღიურად 1 მლნ კუბამეტრ გაზს საქართველო მიიღებს შაჰ–დენიზის პროექტში თავისი წილიდან  – 250 მლნ კუბური მეტრი გაზიდან, თუ ეს იქნება დამატებითი რაოდენობა.


გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური, რომელიც თან ახლდა ვიზიტის დროს პრემიერ–მინისტრს, ბაქოში დარჩა აზერბაიჯანულ მხარესთან დამატებითი მოლაპარაკებისთვის.


იმავდროულად, ინგლისურ ენოვანი გაზეთი Turkish Daily News–ი 25 დეკემბერს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ჰილმი გიულის 23 დეკემბრის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აზერბაიჯანელ, ქართველ და თურქ ოფიციალურ პირებს შორის დამატებითი შეხვედრა მალე გაიმართება სტამბოლში, სადაც განიხილება შაჰ–დენიზის გაზის კვოტების ამ სამი ქვეყნის მიერ გადანაწილების საკითხები.


ეს ინფორმაცია ეჭვქვეშ აყენებს ნიკა გილაურის 24 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ მან თავის თურქ კოლეგასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას 800 მლნ კუბამეტრი გაზის შაჰ–დენიზის პროექტში თურქეთის წილიდან მიღების თაობაზე.


საქართველოში თურქეთის საელჩომ უარი განაცხადა საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების კომენტარზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)