“გაზპრომი“ გაზს საქართველოს რეგიონებსაც მოაწვდის
საერთაშორისო კომპანია “იტერამ“, რომელიც გაზით ამარაგებს საქართველოს რეგიონებს, “გაზპრომთან“ 360 მლნ კუბამეტრი გაზის მოწოდების თაობაზე ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. “იტერა–საქართველოს“ წარმომადგენელმა ვიტალი ლომიძემ “სივილ ჯორჯიას“ აცნობა, რომ კომპანია ათას კუბამეტრ გაზში 235 აშშ დოლარს გადაიხდის.
ვიტალი ლომიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია თუ რა რაოდენობით გაიზრდება ბუნებრივი აირის ღირებულება მომხმარებლისთვის, რომელთა საერთო რაოდენობა 150 ათასია.
“იტერა–საქართველოსთან” გაფორმებული კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ასევე “გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა.
ეს უკვე რიგით მეოთხე კონტრაქტია, რომელიც რუსულმა ენერგოგიგანტმა საქართველოში მოქმედ კომპანიებთან გააფორმა.
22 დეკემბერს “გაზპრომმა“ 2007 წელს მთლიანობაში 1,1 მლრდ კუბამეტრი გაზის მიწოდების თაობაზე შეთანხმება სამ კომპანიასთან გააფორმა.
ერთწლიანი კონტრაქტები გაფორმდა ორ კომპანიასთან – “მტკვარი–თელასთან“, რომელსაც მე–9 თბოენერგობლოკის ექსპლოატაციისთვის 300 მლნ კუბამეტრი გაზი სჭირდება და “საქცემენტთან“, რომელიც ცემენტის წარმოებისათვის წლიურად 250 მლნ კუბამეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს.
შედეგად, “გაზპრომი“ საქართველოს 1,46 მლრდ კუბამეტრი გაზით მოამარაგებს მომავალს წელს, რაც მთლიანი მოხმარების ნახევარზე მეტია. საქართველომ 1,9 მლრდ კუბამეტრამდე გაზი მოიხმარა 2006 წელს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)