პარლამენტში შს მინისტრს, გენპროკურორს სამთავრობო საათზე მოუსმინეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა 27 დეკემბერს დეპუტატებს განუცხადეს, რომ ბრალდებები, თითქოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ ცხინვალის რეგიონში ხეტყის უკანონო რეალიზაციაში, უსაფუძვლოა.
ეს ბრალდებები საჯაროდ პირველად სატყეო დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა გიორგობიანმა 2005 წლის მარტი გაახმოვანა, სანამ ის ქვეყანას, როგორც თავად განაცხადა, შსს–ს და გენპროკურატურის მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლის გამო დატოვებდა.
გიორგობიანის წინააღმდეგ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, თავს გერმანიას აფარებს, ხეტყის უკანონო გასხვისების ორ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მის დაუსწრებლად მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება.
გიორგობიანის საქმემ კიდევ ერთხელ მას შემდეგ მიიპყრო ყურადღება, რაც კონტროლის პალატის ყოფილმა თანამდებობის პირმა ნუგზარ ნაჭყებიამ მედიით გააკეთა განცხადება, რომ შსს–სა და პროკურატურის წარმომადგენლები მას სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსის საწინააღმდეგოდ ყალბი აქტების დაწერას აიძულებდნენ.
დეკემბრის თვეში გასულ სატელევიზიო ინტერვიუში გიორგობიანმა კვლავ დაადასტურა, რომ მისი დევნა ძალოვნებმა იმის გამო დაიწყეს, რომ მან აღმოაჩინა სქემა, რომლის მიხედვითაც უშიშროების მაღალი რანგის ოფიციალური პირები ჩართულები იყვნენ სამხრეთ ოსეთიდან ხეტყით უკანონო ვაჭრობაში. მისი თქმით ეს სქემა 2004 წლის ზაფხულშიც მოქმედებდა (როცა უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო).
მერაბიშვილის განცხადებით არალოგიკურია შსს–ს თანამშრომლების დადანაშაულება უკანონო მაქინაციებში მაშინ, როცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შემავალი სტრუქტურის – გარემოს დაცვის პოლიციის კომპეტენციაში შედის უკანონო ხეტყით ვაჭრობის აღკვეთა.
მერაბიშვილის განცხადებით, შსს–ს არ გააჩნია ზუსტი მონაცემები, თუ სად იმყოფება ამჟამად ბიძინა გიორგობიანი.
“როგორც ტელევიზიები აცხადებენ ის გერმანიაშია, მაგრამ მის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი დაფიქსირებული არ არის. ამდენად, მის ძებნას ჩვენ საქართველოში ვაგრძელებთ“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
თუმცა გიორგობიანი არის იმ პირთა სიაში, ვისაც ინტერპოლი ეძებს.
მერაბიშვილის განცხადებით, თუ ინტერპოლი დაადასტურებს გიორგობიანის საზღვარგარეთ ყოფნას,”შესაბამის პროცედურებს მივმართავთ“.
თუმცა პარლამენტში თავის გამოსვლაში გენპროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ გიორგობიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვა, თუმცა “მან მაინც დატოვა ქვეყანა“.
მაგრამ არც ადეიშვილს და არც მერაბიშვილს არ დაუკონკრეტებია დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს, აპირებენ თუ არა ისინი მოითხოვონ გიორგობიანის საქართველოში ექსტრადირება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)