ნოღაიდელი: აზერბაიჯანულ გაზს 120 აშშ დოლარად ვიყიდით
საქართველო აზერბაიჯანულ გაზში 1000 კუბამეტრზე 120 დოლარს გადაიხდის, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პარლამენტში ბიუჯეტის განხილვის დროს.
იანვრიდან საქართველო აზერბაიჯანიდან ყოველდღიურად 1 მლნ კუბამეტრ გაზს მიიღებს ამ ფასად. ამაზე შეთანხმება 25 დეკემბერს ზურაბ ნოღაიდელის ბაქოში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული.
“ეს არ არის შაჰ–დენიზის გაზი, არამედ არის სხვა აზერბაიჯანული გაზი… აზერბაიჯანული მხარის თხოვნა იყო, რომ ფასი საიდუმლოდ დარჩენილიყო, თუმცა მათ თავად დაასახელეს ეს ფასი და მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო”, – განაცხადა ნოღაიდელმა.
მისი თქმით, იანვრის განმავლობაში საქართველოს საბოლოო ინფორმაცია ექნება შაჰ–დენიზის ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის ლიკვიდაციის შედეგად თუ როდის დაიწყება აზერბაიჯანული გაზის მიღება.
“ამის შემდეგ ჩვენ ჯერ შევამცირებთ და შემდეგ შევწყვეტთ ძვირი რუსული გაზის მიღებას“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
მისი თქმით, გაზზე პრობლემების გამო მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით 120 მლნ ლარი გამოიყო ენერგოსექტორზე. თუმცა მან არ დააკონკრეტა, თუ რა ფორმით მოახდენს მთავრობა ამ თანხების განაწილებას გაზგამანაწილებელ კომპანიებზე, რათა ტარიფი 1 იანვრიდან არ გაიზარდოს.
“მანამ, სანამ საქართველო უახლოესი სამი თვის განმავლობაში მიიღებს რუსულ გაზს, ეს პრობლემა ნაკლებად მტკივნეული უნდა იყოს გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისათვის და მოსახლეობისთვის. ეს იყო ამოცანა, რომელსაც მიზნად ვისახავდით“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)