ოპოზიცია ალიანსის შექმნას გეგმავს

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა შესაძლოა ახალი მოძრაობა ჩამოაყალიბონ, რაც ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად, განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან 8 იანვარს.


მისი თქმით, ახლანდელი ხელისუფლების არადემოკრატიულ ტენდენციებს ოპონენტები “დემოკრატიული ღირებულებების მქონე ყველა ძალის გაერთიანების გზით“ უნდა დაუპირისპირდნენ.


“იცით, რომ ჩვენ გვქონდა ბლოკი რესპუბლიკურ პარტიასთან [2006 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს], მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს კოალიცია არ არის საკმარისი. უნდა მოხდეს ამ ალიანსის გაფართოება. უნდა მოხდეს როგორც სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ასევე უპარტიო პოლიტიკოსებთან დიალოგის დაწყება. რაც მთავარია, დიდი რესურსია არაპოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები. საუბარია ამ ძალების კოორდინაციაზე და არა იმაზე, რომ უბრალოდ ერთი პარტია დაიშლება და მეორე ჩამოყალიბდება“, – განაცხადა კუკავამ.


“უნდა შეიქმნას ახალი ძალა, არა აქვს მნიშვნელობა ეს ძალა იქნება პარტიის სახით, თუ პარტიათა გაერთიანებების სახით. ამგვარი ახალი ძალა საჭიროა, რათა ის დაუპირისპირდეს ხელისუფლებას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე… ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები ამ საკითხზე“, – განაცხადა დეპუტატმა კონსერვატიული პარტიიდან ზვიად ძიძიგურმა 8 იანვარს.


ახალი ალიანსის კონტურები 2006 წლის ოქტომბრის ბოლოს გამოიკვეთა, როდესაც შეიქმნა კონსტიტუციური რეფორმების ჯგუფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინიციტივით, რომლის მიზანსაც ახალი კონსტიტუციური პროექტის შექმნა წარმოადგენდა, სადაც ხელისუფლების შტოებს შორის დემოკრატიული ბალანსისა და ურთიერთკონტროლის პირობებში ადამიანის უფლებები იქნება გარანტირებული.


ამ ჯგუფში გაერთიანდნენ ანა დოლიძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, უპარტიო დეპუტატები კოკა გუნცაძე და გია თორთლაძე და დეპუტატი კახა კუკავა. თუმცა, მას შემდეგ ჯგუფს აქტიურობა არ გამოუჩენია.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)